მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს არ იქნება ის გასეირნება, რომელიც რუსეთმა საქართველოში მოაწყო 2008 წელს“ - კახა გოგოლაშვილი

„რონდელის ფონდის“ ხელმძღვანელი, მკვლევარი კახა გოგოლაშვილი Pia.ge

რონდელი ფონდის უფროსმა მრჩეველმა, კახა გოგოლაშვილმა, „TV პირველის“ ეთერში რუსეთ-უკრაინის გარშემო მიმდინარე ვითარებაზე ისაუბრა.

გოგოლაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთი ისე მოქმედებს უკრაინის მიმართ, როგორც ამას 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ აკეთებდა.

როგორც გოგოლაშვილმა განმარტა, რუსეთს არ აინტერესებს საერთაშორისო თანამეგობრობის აზრი და არც მათი ლეგიტიმაცია უნდა. 

„იმდენად კარგად ჩანს, რომ აბსოლუტურად იგივე სცენარი თამაშდება, ძნელია რაიმე საწინააღმდეგო მოიფიქრო ამასთან დაკავშირებით. უბრალოდ გასაკვირია ერთი და იმავე ტყუილებს როგორ ატრიალებენ წლების განმავლობაში. როგორ შეუძლიათ ასე ცინიკურად, ყველასთვის ნაცნობი ხერხები გამოიყენონ. კარგად ესმის პუტინს და მის გუნდს, რომ დასავლეთში ყველას კარგად ესმის რასაც აკეთებს. აბსოლუტური ტყუილი და ცინიზმი, თითქოს უკრაინელები ბომბავენ ლუგანსკში და დონეცკში სეპარატისტების სოფლებს. ამ დროს ხდება პირიქით. მათ არ აინტერესებთ საერთაშორისო თანამეგობრობის აზრი და მათგან არც ლეგიტიმაციის მიღება უნდათ. მარგინალები გახდნენ, საკუთარი თავი საერთაშორისო თანამეგობრობის გარეთ დააყენეს“, - განაცხადა გოგოლაშვილმა.

კახა გოგოლაშვილმა, ასევე, უპასუხა კითხვას, ეძებს თუ არა რუსეთი საბაბს, იმისთვის, რომ უკრაინას თავს დაესხას. 

„რუსეთს ეს აქვს ჩაფიქრებული, მაგრამ ლეგიტიმაციას ეძებს მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის შიგნით. ეს იმას ადასტურებს, რომ პრაქტიკულად პუტინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია რუსეთში საკუთარი რეიტინგის აწევა, შენარჩუნება და ამის გამო იწყებს ომს უკრაინაში. მისთვის ტერიტორიები შესაძლოა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც თავად ფაქტი, რომელიც მოეწონება წინასწარ  საინფორმაციო სპეცსაშუალებებით დამუშავებულ რუსეთის მოსახლეობას. არაფრით არ გაჩერდება, გარდა დიდი წინააღმდეგობისა, რომელსაც ის უკრაინელი ხალხისგან და საერთაშორისო თანამეგობრობისგან მიიღებს. 

უკრაინაში იმხელა სულისკვეთებაა, რომ რუსეთის პირველ დარტყმებს ისინი გაუძლებენ, მაგრამ ამას მოჰყვება დასავლეთის ძალიან მკაცრი ეკონომიკური სანქციები, რუსეთის მოქალაქეებს აეკრძალება მოგზაურობა, ყველას  გაეყინება ანგარიშები, რომელიც უცხოეთის ბანკებში აქვთ. ეს ყველაფერი დამანგრეველი იქნება რუსეთისთვის. ეს არ იქნება ის გასეირნება, რომელიც მათ საქართველოში მოაწყვეს 2008 წელს. სამწუხაროდ, მაშინ არც საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღმოჩნდა სათანადოდ ამისთვის მომზადებული და მათთვის საქართველოც არ აღმოჩნდა იმდენად მნიშვნელოვანი, როგორიც დღეს არის უკრაინა. უკრაინაში ხედავენ, რომ წყდება მთლიანად ევროპის უსაფრთხოების ბედი“, - აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა.

ცნობისთვის, აღმოსავლეთ უკრაინაში ბოლო დღეებში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. უკრაინის შეიარაღებული ძალები პრორუსი სეპარატისტების მხრიდან საარტილერიო ცეცხლის შესახებ იუწყებიან, რასაც ერთი უკრაინელი სამხედრო უკვე ემსხვერპლა.

თავის მხრივ სეპარატისტები, ვითარების დაძაბვაში და ცეცხლის გახსნაში უკრაინულ ჯარს ადანაშაულებენ. მეორე დღეა დონეცკის და ლუგანსკის ოლქებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. სეპარატისტებს ის რუსეთის ტერიტორიაზე, როსტოვის ოლქში გაჰყავთ.

ამასთანავე როგორც PIA.GE-ს ადგილობრივმა მოსახლეობამ აცნობა, ევაკუაცია ნებაყოფლობითია და სურვილის შემთხვევაში ადამიანებს დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში დარჩენა შეუძლიათ.

იხილეთ აგრეთვე:

🔴  ამერიკელებმა უკრაინა 48 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ - ჯეიკ სალივანი

🔴  „პუტინი პირადი დასასრულისთვის ემზადება“ - ანდრიუს კუბილიუსი

🔴  „რამდენიმე დღეში რუსეთ-უკრაინის დიდი ომი შეიძლება დაიწყოს“ - ზურაბ ბატიაშვილი

🔴  „48 საათში ნამდვილად არ დაიწყება ომი“ - კახა გოგოლაშვილი

🔴 უკრაინის დატოვებისკენ საკუთარ მოქალაქეებს იაპონიამ და ნიდერლანდებმა მოუწოდეს

🔴 „უკრაინა-რუსეთს შორის ომი თუ დაიწყო, რუსები ჩვენი პორტების ბლოკირებას მოახდენენ“ - კახა გოგოლაშვილი