მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ისტორია უამრავ წაგებულ ბრძოლას ითვლის, რომლის დამარცხებული გმირები საუკუნეების განმავლობაში ახსოვთ, აზოველები სიმართლისთვის იბრძოდნენ და ისტორიის სწორ მხარეს იდგნენ“ - კახა გოგოლაშვილი

„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი

„გმირების ტყვეობიდან გამოხსნა, რომლებიც თავდაუზოგავად და სისხლის ბოლო წვეთამდე იდგნენ, იმ სიხარულად იქცა, რომელიც გაუათმაგებს უკრაინელებს ოპტიმიზმსა და თავისუფლებისთვის თავგანწირვის სურვილს“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „რონდელის ფონდის“ ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი სოციალურ ქსელში, „აზოვსტალის“ მცველების გათავისუფლებას და მარიუპოლის გმირების თავის ოჯახებთან შეხვედრის კადრებს. 

როგორც კახა გოგოლაშვილი წერს, მარიუპოლის დაცემამ უკრაინელების სამხედრო სულისკვეთება გააძლიერა.

ამასთან, გოგოლაშვილი ამბობს, რომ  ისინი სიმართლისთვის იბრძოდნენ და ისტორიის სწორ მხარეს იდგნენ. 

„მარიუპოლის გმირების თავის ოჯახებთან შეხვედრის კადრების ყურებისას... ისტორია უამრავ წაგებულ ბრძოლას ითვლის, რომლის დამარცხებული გმირები საუკუნეების განმავლობაში ახსოვთ და ეამაყებათ, ზოგჯერ მეტადაც, ვიდრე ომებში გამარჯვებულებიც კი. ასეთი იყო თერმოპილეში სამასი სპარტელის დამარცხება, მასადას ციხესიმაგრეში მდგარი აჯანყებული ებრაელების რომაელებისთვის გაწეული გმირული წინააღმდეგობა და ბოლოს მარცხი, ქართველების გმირულად წაგებული ბრძოლა კრწანისის ველზე, ან 2008 წელს შინდისის მისადგომებთან 17 ქართველი ვაჟკაცის გმირული დაცემა და ამაღლება.

ყველა ეს ბრძოლა ეზოთერიულად ან, თუ გნებავთ, შინაგანად ამ გმირებმა მოიგეს. მათ საკუთარი თავი, და მათში ჩაბუდებული შიშები და ეჭვები დაამარცხეს, ზოგმა ბოლო ბრძოლის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე, ზოგმაც უშუალოდ იმ საბედისწერო ბრძოლის დროს.

მეორეც, ისინი სიმართლისთვის იბრძოდნენ და ისტორიის სწორ მხარეს იდგნენ. მაგრამ, ასევე, განუზომლად დიდია გაწეული მსხვერპლის მნიშვნელობა მათი სამშობლოს მომავალი გამარჯვებების, მომავალი თაობების სულისკვეთების გამტკიცების, ერის გაერთიანების, სიმართლისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლის ჟინის შენარჩუნების საქმეში.

როგორც ჩანს, ბრძოლა დროში და სივრცეში მეტადაა განვრცობილი, ვიდრე გარეგნულად ჩანს და მისი საბოლოო შედეგი შეიძლება დიდი ხნის შემდეგ ვიხილოთ. მაგალითია ელადის გადარჩენა და სპარსეთის იმპერიის დაღუპვა, რომის იმპერიის დაშლა და ებრაელთა სახელმწიფოს აღორძინება 2000 წლის შემდეგ, საქართველოს გადარჩენა და ყაჯართა დინასტიის გადაშენება, და უკრაინისა და საქართველოს საბოლოო გამარჯვება და აღმასვლა, ხოლო რუსეთის ფედერაციის დაკნინება და შესაძლო დაშლა.

მარიუპოლის დაცემამ უკრაინელების სამხედრო სულისკვეთება გააძლიერა და არა პირიქით. ის, რომ მისი გმირების ნაწილი ცოცხალი გადარჩა სულაც არ აშორებს მათ სამასი სპარტელის ან სამასი არაგველისგან.

იაპონელი სამურაების კოდექსი „ბუსი-დო“ ამბობს, რომ მეომარი ყოველ დღე ბრძოლაში ისეთი გრძნობით უნდა შევიდეს, თითქოს გუშინ დაიღუპაო.“ აზოვის მცველები ამ თვალსაზრისით ყოველდღე „გუშინ იღუპებოდნენ“ და ასე მგონია, ცოცხლები რომ გადარჩნენ ეს უფრო ღმერთის მიერ მოცემული საჩუქარია მათთვის ვინც მათ ვგულშემატკივრობდით და ვინც უნდა გააგრძელოს ბრძოლა.

გმირების ტყვეობიდან გამოხსნა, რომლებიც თავდაუზოგავად და სისხლის ბოლო წვეთამდე იდგნენ, იმ სიხარულად იქცა, რომელიც გაუათმაგებს უკრაინელებს ოპტიმიზმსა და თავისუფლებისთვის თავგანწირვის სურვილს“, - წერს „რონდელის ფონდის“ ხელმძღვანელი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ რა სახის ზიანს გამოიწვევს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება და რამდენად შორს გავრცელდება რადიაცია? - ვაშინგტონის „შეიარაღების კონტროლის ასოციაციის“ დირექტორის განმარტება

✔️ აშშ გაანადგურებს რუსეთის ჯარებს და შავი ზღვის ფლოტს, თუ პუტინი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში - პეტრეუსი

✔️ კადიროვმა და პრიგოჟინმა საჯაროდ შეარყიეს პუტინის ავტორიტეტი - ISW

✔️ რუს ოფიციალურ პირებს უჭირთ ოფიცრების პოვნა, რომლებიც უხელმძღვანელებენ ახალ დანაყოფებს - ბრიტანული დაზვერვა

✔️  ლიმანში დამარცხებამ რუსეთის ფედერაციას უფრო მეტი პრობლემა შეუქმნა, ვიდრე კიევიდან და ხარკოვიდან წასვლამ - ანალიტიკოსები