მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა სახის ზიანს გამოიწვევს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება და რამდენად შორს გავრცელდება რადიაცია? - ვაშინგტონის „შეიარაღების კონტროლის ასოციაციის“ დირექტორის განმარტება

ვაშინგტონში მდებარე შეიარაღების კონტროლის ასოციაციის დირექტორი

რა სახის ზიანს გამოიწვევს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება და რამდენად შორს გავრცელდება რადიაცია?  ამ კითხვებს  „საქართველოს რადიოსთან“ ინტერვიუში ვაშინგტონში მდებარე შეიარაღების კონტროლის ასოციაციის დირექტორმა დერილ კიმპბელმა  უპასუხა.

მისი თქმით, რუსეთს აქვს დაახლოებით 450 საჰაერო და სახმელეთო ბაზირების ბირთვული ქობინები.

ამასთან,  ვაშინგტონში მდებარე შეიარაღების კონტროლის ასოციაციის დირექტორი ამბობს, რომ  ბირთვული აფეთქების შემთხვევაში, რადიაციის დონის განსაზღვრა ძალიან რთულია.

„ტაქტიკური ბირთვული იარაღის სიმძლავრე სხვა ბირთვულ შეიარაღებასთან შედარებით მცირე არ გახლავთ. უბრალოდ, ასეთი იარაღის გამოყენება მცირე მანძილზე მოქმედ სისტემებშია შესაძლებელი, მათ შორის, თვითმფრინავებისა და მოკლე მანძილზე მოქმედ სარაკეტო სისტემებში. რუსეთს აქვს დაახლოებით 450 საჰაერო და სახმელეთო ბაზირების ბირთვული ქობინები. ამჟამად ეს ქობინები ინახება ბირთვული შეიარაღების 5 საცავში, რუსეთში.

აშშ-ის დაზვერვისა და სხვა წყაროების ინფორმაციით, ჯერ რუსეთს არ დაუწყია ამ ქობინების გადატანა საცავიდან იმ ადგილებში, საიდანაც მათი გამოყენება იქნება შესაძლებელი. ჩვენ შეიძლება საფრთხის ნიშნები წინასწარაც  შევიტყოთ, მაგრამ პუტინისთვის ამ იარაღის გამოყენება აზრს მოკლებულია, რადგანაც ამ შეიარაღების გამანადგურებელი ეფექტი იმდენად დიდია, რომ ის პოტენციური სამიზნიდან გაცილებით შორს მდებარე ტერიტორიაზე გამოიწვევს მსხვერპლს.

👉 იქნება ბირთვული ომები მილიონობით მსხვერპლით, ბირთვულ შანტაჟზე პასუხი უნდა იყოს მკაცრი

თუნდაც, მცირე რაოდენობით ასეთ შეიარაღების გამოყენების შედეგად, პუტინს თავს დაატყდება ყველაფერი ის, რისი თავიდან აცილებაც სურდა. ესენია - საერთაშორისო იზოლაცია, შიდა უთანხმოება, ხოლო ჩინეთი და ინდოეთი, რომლებსაც ის მოკავშირეებად მიიჩნევს, ზურგს შეაქცევენ და ჩვენ აუცილებლად ვიხილავთ ნატოს ან აშშ-ის ჩართვას ომში, რისი თავიდან არიდება იყო პუტინის ბირთვული მუქარის თავდაპირველი მიზანი.

ბირთვულ აფეთქებას შეუძლია განსხვავებული რაოდენობით მტვრისა და კვამლის გამოწვევა. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ხმელეთიდან რა მანძილზე მოხდება აფეთქება. ამიტომაც რადიაციის დონის განსაზღვრა ძალიან რთულია. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ბირთვულ აფეთქებას მოსდევს ისეთი სიმძლავრის ეფექტი, რომელიც გაცილებით აღემატება ქარიშხლის ეფექტს, ასევე, უზარმაზარი სითბური ეფექტი, რაც იწვევს ხანძარს. თუ აფეთქება ხმელეთთან ახლოს მოხდა, ამას შეიძლება, მოჰყვეს ხანძრის ქარიშხალი, რაც გაანადგურებს ყველაფერს: შენობებს, ტყეს. ამ ყველაფრის შემდეგ კი იქნება რადიაციის ეფექტი, რომელიც აფეთქების ადგილიდან ძალიან შორს გავრცელდება. მარტივად რომ ვთქვათ, ყველაფერი დამოკიდებული იქნება ქარის მიმართულებაზე. ზუსტი შედეგების დასახელება ძალიან მიჭირს. 

რუსეთს და აშშ-ს აქვს 1400-ზე მეტი ბირთვული ქობინი რომელთა სიმძლავრეც ტაქტიკური იარაღის ბირთვულ ქობინებზე მეტია და მათი გამოყენება შეიძლება შორ მანძილზე. ეს კი ნიშნავს გლობალურ განადგურებას“, - აცხადებს დერილ კიმპბელი.

კითხვაზე რა დრო სჭირდება ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას და შეუძლია თუ არა აშშ-ს მოახდინოს ამ იარაღის გამოყენების პრევენცია? ვაშინგტონში მდებარე შეიარაღების კონტროლის ასოციაციის დირექტორმა დერილ კიმპბელმა შემდეგნაირად უპასუხა:

„თეორიულად, რუსებს ტაქტიკური ბირთვული  იარაღის გამოსაყენებლად რამდენიმე საათი დასჭირდებათ. ეს დრო საჭიროა ბირთვული ქობინების გაშვების ადგილზე, ფრონტის ხაზზე ან ავიაგამანადგურებელთან მისატანად. დიდი ალბათობით, ამას დააფიქსირებს აშშ-ის დაზვერვა. თუმცა, დარწმუნებით ამას ვერ ვიტყვი. რა შესაძლებლობები გააჩნია აშშ-ს ასეთი დარტყმის შესაჩერებლად, არ ვიცი, თუმცა ყველა შემთხვევაში ეს ძალიან სარისკო ოპერაცია იქნება და შეიძლება გამოიწვიოს ამერიკელი და რუსი სამხედროების დაპირისპირება. 

ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანების გაცემის უფლებამოსილება პუტინს გააჩნია. ოფიცრები კი ამ განკარგულებას უბრალოდ შეასრულებენ. აქვე აღვნიშნავდი, რომ როგორც პუტინს, ისე ბაიდენსაც აქვთ უფლებამოსილება, გასცენ ბრძანება სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების გამოყენების შესახებ, რასაც უფრო მცირე დრო სჭირდება. კონკრეტულად კი, შორ მანძილზე მოქმედი ბირთვული იარაღის გასაშვებად 20 წუთზე ნაკლებია საკმარისი. ეს რაკეტები რუსეთის ან აშშ-ის ტერიტორიას დაახლოებით 30 წუთში მიაღწევენ.

თუ პუტინი მაინც მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ჩვენ ვნახავთ ძალიან მკაცრ რეაქციას, არამხოლოდ იმ ქვეყნების მხრიდან, რომელთაც ბირთვული შეიარაღება გააჩნიათ, არამედ მთელი მსოფლიოდან. პუტინმა უნდა გააცნობიეროს, თუ ის ბირთვულ იარაღს  მიმართავს რუსეთის ტერიტორიის ან მისი რეჟიმის რეპუტაციის დასაცავად  მაშინ ის ყველაფერს დაკარგავს“, - დასძენს  ვაშინგტონში მდებარე შეიარაღების კონტროლის ასოციაციის დირექტორი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ თუ მოსკოვსა და აშშ-ს შორის ბირთვული დაპირისპირება მოხდება, არ არსებობს გარანტია, რომ ეს არ გადაიზრდება გლობალურ ბირთვულ ომში - დერილ კიმპბელი

✔️ აშშ გაანადგურებს რუსეთის ჯარებს და შავი ზღვის ფლოტს, თუ პუტინი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში - პეტრეუსი

✔️ კადიროვმა და პრიგოჟინმა საჯაროდ შეარყიეს პუტინის ავტორიტეტი - ISW

✔️ რუს ოფიციალურ პირებს უჭირთ ოფიცრების პოვნა, რომლებიც უხელმძღვანელებენ ახალ დანაყოფებს - ბრიტანული დაზვერვა

✔️  ლიმანში დამარცხებამ რუსეთის ფედერაციას უფრო მეტი პრობლემა შეუქმნა, ვიდრე კიევიდან და ხარკოვიდან წასვლამ - ანალიტიკოსები