მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ინფიცირებულ ორსულებში მესამე ტრიმესტრში გართულებები იმატებს“ - პაატა ჟორჟოლიანი

სუროგაცია, ინვიტრო
1643970171
COVID-19

ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, ინფიცირებული ორსულების შესახებ ისაუბრა. 

პაატა ჟორჟოლიანის თქმით, მაღალი რისკის ორსულებში ინფიცირების დროს გართულებები იმატებს და განსაკუთრებით საყურადღებო მდგომარეობა მესამე ტრიმესტრშია. 

„პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებული ორსულების რაოდენობა დაახლოებით 11 ათასს შეადგენს. ორსულებში ინფიცირება თანდათან იმატებს. 

მიუხედავად იმისა რომ „ომიკრონი“  მიმდინარეობს უფრო მსუბუქ ფორმებში, მაინც არის მაღალი რისკის ორსულები, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ მეთვალყურეობას. 

განსაკუთრებით, მესამე ტრიმესტრში იმატებს გართულებები. მესამე ტრიმესტრში მოსალოდნელია, როგორც ნაყოფს, ასევე, დედას პრობლემები შეექმნას. კორონავირუსს გართულებები ახლავს ორსულებში, ნაყოფის ზრდის შეფერხების და განვითარების თვალსაზრისით, ასევე, დიაბეტით დაავადებულ ორსულებში ძალიან მძიმედ მიმდინარეობს {კორონავირუსი}“, - განაცხადა პაატა ჟორჟოლიანმა. 

ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ვაქცინა ცუდად არ მოქმედებს ნაყოფზე, პირიქით, დაბადების დროს ბავშვს შესაძლოა, ანტისხეულებიც კი ჰქონდეს. 

ამასთან, პაატა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ორსულებში ვაქცინაციამ მოიმატა და ასევე, დასძენს, რომ ვაქცინირების შემთხვევაში ინფიცირებული ბავშვი არ იბადება. 

„ორსულების ვაქცინაცია ამ ბოლო პერიოდში გაიზარდა. აუცილებელია ბუსტერ დოზა. ორჯერადი აცრა კარგია, მაგრამ დამატებითი დოზის შეყვანა „ფაიზერით“ კიდევ ზრდის იმის ალბათობას, რომ დაინფიცირების შემთხვევაში უფრო მსუბუქ ფორმებში განვითარდეს პროცესი.

მსგავსი კვლევა არ არსებობს, რომ ვაქცინა ცუდად მოქმედებს ნაყოფზე ან დედაზე, პირიქით ვაქცინირებულ დედებში ნაყოფს ანტისხეულები დაბადებისთანავე შეიძლება, ჰქონდეს. თუ ვინმე საწინააღმდეგო პროპაგანდას ეწევა დღეს, ეს არის დანაშაული. რომ შევადაროთ ეს ომს, ეს იმას ნიშნავს - ჯარისკაცს ვუთხრათ, იარაღის გარეშე იბრძოლოს.

ჯერჯერობით არსებული ყველა კვლევით, ახალშობილი არ იბადება ინფიცირებული, ინფიცირება ხდება მშობიარობის შემდგომ. არის რამდენიმე კვლევა, რომ ახალშობილსაც აქვს ანტისხეულები, იმიტომ რომ დედის ორგანიზმში გამომუშავებული ანტისხეულები პლაცენტურ ბარიერს გადის. 

მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი“ მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს და ლეტალობა დაბალია, ყველა ორსულს მოვუწოდებ, რომ აიცრას. ასევე, ყველა ჩემს კოლეგას მივმართავ, რაც შეიძლება მაქსიმალურად გაუწიონ პროპაგანდა იმას, რომ ორსულები იყვნენ ვაქცინირებულები. ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გზა არის ვაქცინაცია“, - აცხადებს ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

📢 „კორონავირუსის დონე ცხვირსა და ყელში პიკს ხუთი დღის შემდეგ აღწევს“ - ზაზა წერეთელი

📢 სად და როდის იკავებს სხეულს ვირუსი - მიზანმიმართული ინფიცირება კოვიდზე უნიკალურ ინფორმაციას იძლევა - BBC

📢„სტელს-ომიკრონი“ სავარაუდოდ, იგივე სიმძიმისაა, როგორც „ომიკრონი“ - WHO

📢 „უმწეოთა პოლისები რომ გააუქმოს მთავრობამ, უნდა გაგვიხარდეს „ვაშა, სიღარიბე აღარაა, დავძლიეთო?“ - დავით გადელია

📢„მეტი გადაცემა მეტ სიკვდილს ნიშნავს“ - ტედროს ადანომ გებრეისუსი

📢„2022 წელი იქნება პანდემიის ბოლო წელი და კორონა სეზონურ ვირუსად გადაიქცევა“ - პაატა იმნაძე