მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საველე ჰოსპიტლის გახსნა სამწუხაროდ რეალურია“ - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
1637226150
COVID-19

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, გრიპის ვირუსზე და ვაქცინაციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, გრიპის ვირუსის მოახლოებასთან ერთად მდგომარეობა საგანგაშოდ შეიცვლება.

როგორც მან აღნიშნა, ინფიცირების და გარდაცვალების მაჩვენებელი მაღალი რჩება, ასევე, არ მოუმატია იმუნიზაციის მაჩვენებელს.

ინფიცირების და გარდაცვალების მაჩვენებელი ისევ მაღალია. ვაქცინაციამ ისევ არ მოიმატა. ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში ვითარება არ შეცვლილა, რაც ძალიან ცუდია. ჩვენი მოლოდინი, რომ თანდათან შემცირდებოდა ინფიცირების მაჩვენებელი, ჯერჯერობით მოლოდინად რჩება. ნოემბრის ბოლო, დეკემბრის დასაწყისი არის ის თვეები, როდესაც ქვეყანაში პირველად გამოჩნდება ლაბორატორიულად  დადასტურებული შემთხვევა გრიპის ვირუსის, რაც ნიშნავს რომ დაიწყება გრიპის შემთხვევების მატების პერიოდი, რომელიც პიკს დეკემბერ-იანვარში მიაღწევს. წელს გრიპი გაცილებით უფრო მეტი იქნება ვიდრე იყო შარშან. იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც აქვთ  გარკვეული იმუნიტეტი გრიპის მიმართ, იქნება ძალიან დაბალი. დეკემბერი და იანვარი ძალიან საგანგაშო პერიოდია, როგორც პანდემიის მიმდინარეობის, ისე გრიპის შემთხვევების მატების თვალსაზრისით“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე. 

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, საველე ჰოსპიტლების ამოქმედების საჭიროებაზეც ისაუბრა. 

„ამ ეტაპზე სტაციონარული საწოლების რესურსი საკმარისია ამ შემთხვევების მართვისთვის. ყველა ის ადამიანი ვისაც სჭირდება დახმარება იღებს მას შესაბამის პირობებში. მაგრამ რისკი იმისი, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს იმ მდგომარეობას, რაც გვქონდა აგვისტოს ბოლოს, აგვისტოს ბოლოს დაგვჭირდა საველე ჰოსპიტლების გახსნა არსებობს. საველე ჰოსპიტლების გახსნის რისკი რეალურია. თუ მომდევნო დღეების განმავლობაში არ შემცირდა ინფიცირების მაჩვენებელი ალბათობა იმისა, რომ ქვეყანას დასჭირდეს  საველე ჰოსპიტლის გახსნა სამწუხაროდ არის რეალური. შეიძლება, საქართველო ისევ დარჩეს საკმარისი რაოდენობის ჰოსპიტალური საწოლების გარეშე“, - აღნიშნავს ჩხაიძე. 

ივანე ჩხაიძემ გამართულ პრესკონფერენციაზე, ბავშვებში ვაქცინაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვების ვაქცინაცია  ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს მოზრდილებში ამცირებს. 

„12-დან 15 წლამდე ბავშვების ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, ციფრები ყოველდღიურად მზარდია. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ მათ უკან დგანან ვაქცინირებული მშობლები. თუმცა, მოლოდინი არ გვაქვს, რომ ამ ასაკის ბავშვების დიდი ნაწილი აიცრება. ბავშვების ვაქცინაცია 20-25%-ით ამცირებს ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის  მაჩვენებელს მოზრდილებში. არ შეიძლება პანდემიის დამარცხება მხოლოდ მოზრდილების ვაქცინაციის ხარჯზე“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. 

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ გრიპის ვირუსზე და ბავშვებში ინფიცირების მიმდინარეობაზეც ისაუბრა.

ივანე ჩხაიძის თქმით, ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია, რაც სერიოზულ რისკს წარმოადგენს ეპიდვითარების კუთხით.

„გრიპის სეზონისთვის მზადება წელს უნდა იყოს უფრო აქტიური, ვიდრე იყო შარშან. გრიპით ინფიცირების წინააღმდეგ შარშან ბევრი ხელის შემშლელი ფაქტორები გვქონდა, ყველაფერი რაც მოქმედებდა კორონავირუსის წინააღმდეგ მოქმედებდა გრიპის  წინააღმდეგ. დღეს შეზღუდვები არ გვაქვს, არ არის კომენდანტი, ლოკდაუნი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობს,  ნიღბის ტარების მაჩვენებელი 30%-ზეა ჩამოსული და რისკი იმისა, რომ გრიპით ინფიცირების ჩვეულებრივი სტანდარტული ციფრი მივიღოთ, რაც იყო 2019 წელს, ძალიან მაღალია. 

ინფიცირებულთა რაოდენობაში ბავშვების ინფიცირების წილი გაზრდილია. ყოველი 100 ინფიცირებულიდან 20 არის ბავშვი. გაცილებით უფრო საშიშია პოსტკოვიდური გართულებები ბავშვებში. ხანგრძლივი კოვიდი ბავშვებშიც ისე აქტუალურია, როგორც მოზრდილებში. ხანგრძლივი კოვიდი ნიშნავს, რომ შეიძლება მსუბუქად გადაიტანოთ კორონავირუსი, საერთოდ არ გქონდეთ სიმპტომი მაგრამ 6-7 თვე შეიძლება დაგრჩეთ უამრავი სიმპტომი:

 ხანგრძლივი კოვიდის სიმპტომები:

⚫ დეპრესია

⚫ ძილის დარღვევა

⚫ კონცენტრაციის უნარის დაქვეითება

⚫ დასწავლის და მახსოვრობის დაქვეითება

⚫ ტემპერატურა

⚫ ხველა

⚫ სახსრების ტკივილი

⚫ ადვილად დაღლილობა 

⚫ ჰაერის უკმარისობა უამრავი სიმპტომი, რომელიც ხანგრძლივ კოვიდს ახლავს

მსუბუქი მიმდინარეობა არ ნიშნავს იმას რომ ბავშვმა, რომელმაც გადაიტანა უსიმპტომოდ კორონავირუსი, შემდეგ პერიოდში იქნება თავისუფალი. ბავშვების 30% ხანგრძლივი კოვიდის მატარებელია“, - დასძენს იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა სტაბილურად მაღალ მაჩვენებელზეა“ - ივანე ჩხაიძე

👉 „ვითარება საგანგაშოა, ინფიცირებულთა რაოდენობა დრამატულად მაღალია“ - მარინა ენდელაძე

👉 „დღეს საქართველო დამარცხებულია - ამას ჰქვია სამოქალაქო ომი“ - გიორგი ფხაკაძე

👉 შესაძლებელია თუ არა ორგანიზმიდან ვაქცინის „წაშლა“ - ანტივაქსერების ახალი კამპანია