მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შესაძლებელია თუ არა ორგანიზმიდან ვაქცინის „წაშლა“ - ანტივაქსერების ახალი კამპანია

ანტივაქსერების ახალი მოსაზრებები
1636796097
COVID-19

სოციალურ ქსელებში ანტივაქსერებმა ახალი კამპანია წამოიწყეს. ისინი ფსევდომეცნიერულ გამოგონებებზე საუბრობენ, რომლის მეშვეობითაც უკვე გაკეთებული ვაქცინის ორგანიზმიდან მოშორებაა შესაძლებელი. ამის შესახებ nbcnews.com იუწყება. 

„დეტოქსიკაციის“ შესახებ ვიდეო, რომელსაც ტიკ-ტოკში ასიათასობით ნახვა აქვს, დოქტორმა კერი მედეჯმა გაავრცელა. მან ვაქცინის „წაშლის“ რეცეპტიც გაავრცელა. დოქტორის თქმით, თუ ვაქცინირებული ადამიანი სუფრის მარილის და სოდის აბაზანას მიღებს, მისი ორგანიზმიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაქრება. ის, ასევე, ამბობს, რომ აბაზანა ორგანიზმს რადიაციისგან გაწმენდს, რომელიც ორგანიზმში ვაქცინასთან ერთად ხვდება.

გარდა ამისა, სპეციალისტის რეკომენდაციაა, რომ თუ ადამიანს ორგანიზმიდან „ნანოტექნოლოგიების“ მოცილება სურს, მან აბაზანაში ბორაკი {ქიმიური ნივთიერება} უნდა დაამატოს. ამ ნივთიერების საკვები დანამატის სახით გამოყენება აშშ-ის სანიტარიული ზედამხედველობის სააგენტოს მიერ აკრძალულია.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ანტივაქსერების ახალი კამპანია იმ პირებზეა ორიენტირებული, რომლებსაც ვაქცინაცია არ სურდათ, მაგრამ საბოლოოდ იძულებულები იყვნენ აცრა ჩაეტარებინათ. ექსპერტები ამბობენ, რომ მოსაზრება იმის შესახებ, თითქოს ორგანიზმში ვაქცინის უბრალოდ „წაშლა“ შეიძლება, სიმართლეს არ შეესაბამება.

„მას შემდეგ რაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაგიტარდათ, ეს პროცესი უკვე შეუქცევადი ხდება. ვაქცინაციის მიზანი თქვენი სიცოცხლის გადარჩენაა და მისი ორგანიზმიდან მოშორება შეუძლებელია“, - ამბობს კანადის სასკაჩევანის უნივერსიტეტის ვირუსოლოგი ანჟელა რასმუსენი. 

ვაქცინის „წაშლის“ იდეის მომხრეები, ასევე, ურჩევენ ვაქცინირებულ პირებს ქილების თერაპია გამოიყენონ, რაც საკმაოდ ძველი შემოწმებული მეთოდია, რათა ქილებმა ორგანიზმში არსებული მავნე ნივთიერებები შეიწოვოს. ასევე, არსებობს მოსაზრება, რომ ვაქცინაციის ადგილი ალესილი საპარსით გაიჭრას. ეს პირები აგრეთვე ავრცელებენ ინსტრუქციას, თუ როგორ შეიძლება ვაქცინის მოშორება შპრიცის მეშვეობით.

ანჟელა რასმუსენი ამბობს, რომ ყველა ეს მეთოდი სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ამით ვაქცინის მოშორება შეუძლებელია.

„ვაქცინის შეყვანის შემდეგ ის ადამიანის ორგანიზმში ძალზე სწრაფად ვრცელდება, ასე რომ თუ ამ მანქანაში ჩასხედით, გადმოსვლას ვეღარ შეძლებთ“, - ამბობს ექსპერტი.

სპეციალისტების  თქმით, ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა ტაქტიკა იცვლება, რადგანაც მათი გაფრთხილება ვაქცინირებული ადამიანების მასობრივი გარდაცვალების, ასევე, უნაყოფობის შესახებ ინფორმაცია არ დადასტურდა.

„ახლა მათი მოსაზრებები უკვე ვაქცინირებულ ადამიანებს ეხებათ და ამ თეორიების პოპულარიზაციას ძალზე აქტიურად ეწევიან“, - ამბობს ლონდონის ექსტრემიზმის და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიული ინსტიტუტის მკვლევარი კიარან ო’კონორი.

დოქტორ მედეჯის ვიდეო ტიკ-ტოკმა წაშალა, მაგრამ მანამდე მისი ნახვა და გადაწერა ასიათასობით ადამიანმა მოასწრო.

ანჯელა რასმუსენი ამბობს, რომ ბორაკის გარეშე, მხოლოდ სოდის და მარილის შემცველი აბაზანა ორგანიზმისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ მისი მეშვეობით ორგანიზმიდან ვერც არარსებული რადიაციის, ვერც „ნანოტექნოლოგიების“ გამოყვანა ვერ მოხდება.

„მიიღეთ აბაზანა, დალიეთ თითო ჭიქა ღვინო და დატკბით იმ აზრით, რომ ვაქცინაციის შემდეგ თქვენ სასიკვდილო ვირუსისგან დაცულები ხართ“, - ამბობს ექსპერტი.

ტიკ-ტოკის გარდა მსგავსი ანტივაქსერული მოსაზრებები სხვა სოციალურ ქსელებშიც ვრცელდება. ფეისბუკის ზოგიერთ ჯგუფში კვლავ ძალზე პოპულარულია მოსაზრება, რომ ვაქცინაციის შემდეგ თქვენ მთავრობის კონტროლის ქვეშ ექცევით, ის იწვევს უნაყოფობას და სიკვდილს.

ამ ჯგუფის ერთ-ერთი მომხმარებელი შიშობს, რომ მისი შეყვარებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას აპირებს და კითხულობს, თუ როგორ შეუძლია „საკუთრი სხეულის დეტოქსიკაცია?“, რაზედაც მას ურჩევენ დოქტორ მედეჯის „ჯადოსნური აბაზანის“ ინსტრუქციას მიჰყვეს და ბორაკიანი აბაზანა მიიღოს.

ასევე, ერთ-ერთი რჩევაა მიიღოს „სასწაულმოქმედი მინერალური ხსნარი“, რომელიც სინამდვილეში გამათეთრებელს შეიცავს და დალევის შემთხვევაში სიკვდილს იწვევს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

📢 „სტელს-ომიკრონი“ სავარაუდოდ, იგივე სიმძიმისაა, როგორც „ომიკრონი“ - WHO

📢 „გამყრელიძე და იმნაძე კონფორმიზმით არიან დაკავებულები“ - შოთა ბურჯანაძე

📢 უმწეოთა პოლისები რომ გააუქმოს მთავრობამ, უნდა გაგვიხარდეს „ვაშა, სიღარიბე აღარაა, დავძლიეთო?“ - დავით გადელია

📢 „მეტი გადაცემა მეტ სიკვდილს ნიშნავს“ - ტედროს ადანომ გებრეისუსი

📢 რატომ შეიძლება იყოს PCR ტესტი „ომიკრონის“ შემთხვევაში უარყოფითი? - გიორგი ღოღობერიძის განმარტება

📢 „სტელს-იმიკრონი“ უფრო გადამდებია, ვიდრე BA.1 ვარიანტი - დანიური კვლევა

📢 „2022 წელი იქნება პანდემიის ბოლო წელი და კორონა სეზონურ ვირუსად გადაიქცევა“ - პაატა იმნაძე