მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

The New York Times აშშ-ის მიერ რუსეთისთვის გაგზავნილი პასუხის დეტალებს ასაჯაროებს

ვაშინგტონის პასუხი მოსკოვს

გაზეთი The New York Times აშშ-ის მიერ რუსეთისთვის „უსაფრთხოების გარანტიების“ წინადადებებზე საპასუხო წერილის დეტალებს ასაჯაროებს. გაზეთი წერს, რომ ვაშინგტონი მოსკოვს ბირთვული შეიარაღების შემცირებაზე ხელშეკრულებას სთავაზობს. ამის შედეგად შესაძლოა, მცირე და საშუალო სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულების აღდგენა მოხდეს, რომლის მოქმედების ვადა 2019 წელს ამოიწურა. 

The New York Times ამ ინფორმაციას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ასევე, ვაშინგტონი მზად არის რუსეთთან სამხედრო წვრთნების ჩატარებაზე გარკვეული შეზღუდვების განსახილველად. ერთ-ერთი ვარიანტია, რომ სამხედრო მანევრები საზღვრის უშუალო სიახლოვეს არ ჩატარდეს, რათა ეს არ იყოს განხილული, როგორც მეზობელ ქვეყანაზე შეტევისთვის მზადება. 

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთს უსაფრთხოების სფეროში წინადადებებზე წერილობითი პასუხი გადასცა, რაც „გადამწყვეტი ნაბიჯია მყიფე დიპლომატიური პროცესის დროს“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

„შეერთებული შტატები ღიაა დიალოგისთვის. პასუხი აყალიბებს სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი აირჩევს ამას. წერილობითი დაწერა კარგი გზაა იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რუსებს ესმით ჩვენი პოზიციები, ჩვენი იდეები, რაც შეიძლება ნათლად. ახლა, დოკუმენტი მათთანაა, მზად ვართ, წინ წავიწიოთ იმ სფეროებში, სადაც თანამშრომლობის შესაძლებლობა არსებობს“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

მოსკოვი აშშ-სა და ნატოსგან ალიანსის არგაფართოების გარანტიებს და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ნებისმიერი სამხედრო აქტივობაზე უარის თქმას მოითხოვდა. ვაშინგტონმა და ბრიუსელმა განაცხადეს, რომ ნატოში ახალი წევრების მიღებაზე უარის საკითხის განხილვას ალიანსი არ აპირებს.

იხილეთ აგრეთვე:

🔴  „Nord Stream 2“-ის გაზსადენი არ გაიხსნება, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

🔴  ერდოღანი პუტინსა და ზელენსკის დიალოგისთვის თურქეთში შეხვედრას სთავაზობს

🔴  ირლანდია რუსეთს მოუწოდებს, დაგეგმილ საზღვაო წვრთნებზე უარი თქვას, რადგან მასში საბოტაჟის საფრთხეს ხედავს

🔴  აშშ-მა რუსეთს უსაფრთხოების სფეროში წინადადებებზე წერილობითი პასუხი გადასცა

🔴  „რუსეთი არ აპირებს შეჭრას არც უკრაინაში და არც სხვა ქვეყანაში, ეს ბლეფია“ - რუსეთის ელჩი ევროკავშირში