მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოლდოვას და უკრაინას ავანსად მისცეს სტატუსი“ - გია ხუხაშვილი

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი „ტვ პირველის“ ეთერში აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის რეკომენდაციებს არ შეასრულებს. 

მისი თქმით, ამ სიტუაციაში ოპოზიციამაც უნდა იმოქმედოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მარტო ხელისუფლება კი არ იქნება შესაცვლელი, არამედ ოპოზიციას შესაცვლელი იქნება. 

ამასთან, ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში ამბობს, რომ ოპოზიცია ძირითადად სატელევიზიო ოპოზიციად იქცა. 

„ევროკომისიის ვერცერთი პირობის შესრულების პერსპექტივას ვერ ვხედავ, იმისათვის, რომ ეს ყველაფერი შეასრულო, ამას სჭირდება პოლიტიკური ნება. ეს არ არის ახალი პირობები. ეს არის პირობები, რომელიც უახლოესი ისტორიის განმავლობაში, რაც ასოცირებული წევრი გავხდით, იმ დღიდან ცნობილია. ხელისუფლება არ აპირებს არცერთი პირობების შესრულებას. მათ აქვთ ასეთი პოზიცია - „ჩვენ ვართ ცუდი ბიჭები“.

მოლდოვას და უკრაინას გარკვეულწილად ავანსად მისცეს ეს სტატუსი იმიტომ, რომ მათ ენდობიან. საქართველოს ხელისუფლებამ კი ისინი რამდენჯერმე გადააგდო. შესაბამისად, მათ უთხრეს - ჩვენ თქვენ გენდობით, აი, პირობები და შეასრულეთ ეს პირობები და ამიტომ ავანსად გაძლევთ სტატუსს, ჩვენ გვითხრეს - ჩვენ თქვენ არ გენდობით, ჯერ შეასრულეთ პირობები და მერე ვილაპარაკოთ. არამხოლოდ საქართველოში, არამედ მოლდოვაშიც და უკრაინაშიც არის პრობლემები. 

ხალხმა უნდა აიძულოს ხელისუფლება, რომ პირობები შეასრულოს. ოპოზიციამაც უნდა მოახერხოს და თავისი ფუნქცია შეასრულოს, მან უნდა აიძულოს ხელისუფლება გადადგას სწორი ნაბიჯები. თუ ამ ფუნქციას ვერ ასრულებს ოპოზიცია, მაშინ ის არ ვარგა და ამ შემთხვევაში მარტო ხელისუფლება კი არ არის შესაცვლელი, ოპოზიციაც შესაცვლელია. საზოგადოება ოპოზიციურ ლანდშაფტსაც არ ენდობა. ჩვენი ოპოზიცია ძირითადად იქცა სატელევიზიო ოპოზიციად. საზოგადოებას და ოპოზიციას შორის ნდობის ხიდებია გასადები“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას მიანიჭეს, საქართველოს კი კანდიდატის სტატუსის მისაღებად პირობების შესრულება მოუწევს.

17 ივნისს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროპული პერსპექტივას და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას თანდართული პირობებით. საქართველოსთვის კი რეკომენდაციას უწევს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას.

კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 23-24 ივნისის სამიტზე მიიღებს, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურებისგან, საბჭოს პრეზიდენტისა და ევროკომისიის პრეზიდენტისგან შედგება.

ამავე თემაზე: 

👉 „არც ექვს თვეში და არც ექვს წელიწადში ევროკავშირის კანდიდატობა არ გვემუქრება“ - კახა გოგოლაშვილი

👉 „ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვას მისცეს სტატუსი, რადგან ეს ქვეყნები შუაგული ევროპაა“ - რამაზ საყვარელიძე

👉 რა რეკომენდაციები უნდა შეასრულოს საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად?

👉„ეს არის მარცხი, ლიდერიდან გავხდით მაჩანჩალა“ - ბადრი ჯაფარიძე

👉 „ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე“ - ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოს