მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფი ვერ აიღებს პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მართვაზე“ - ლომჯარია

ომბუდსმენი, სახალხო დამცველი

„სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფი ვერ აიღებს პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მართვაზე, თუმცა ჩვენ პროცესში ჩავერთვებით მისი ზედამხედველობის მიზნით“, - ამის შესახებ ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ გორის ჰოსპიტალთან ჟურნალისტებს განუცხადა. 

ლომჯარიას თქმით, 22 ნოემბერს ომბუდსმენის აპარატმა ჯანდაცვის უწყებისგან თხოვნის წერილი მიიღო. 

„გუშინ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის თხოვნის წერილი მივიღეთ, რომ ჩვენი ექსპერტთა ჯგუფი ჩაერთოს მიხეილ სააკაშვილის ჩაერთოს ე.წ. მეორე მოსაზრების წარდგენის გზით. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფი ვერ აიღებს პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მართვაზე, თუმცა ჩვენ პროცესში ჩავერთვებით მისი ზედამხედველობის მიზნით და ასევე, სახელმწიფოს მიერ შექმნილ კონსილიუმს, ჩვენი კონსილიუმი წარუდგენს ე.წ. მეორე მოსაზრებას, რაც არის აპრობირებული გზა“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს წერილს, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ მას არ აქვს მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით თუ როდის მიიღო ხელისუფლებამ ოფიციალური დოკუმენტი. 

„მე, რა თქმა უნდა, მტკიცებულებები არ მაქვს და არ ვიცი როდის მიიღო ხელისუფლებამ ოფიციალური დოკუმენტი სტრასბურგის სასამართლოსგან, თუმცა ვვარაუდობ, მათ იცოდნენ, რომ სტრასბურგის სასამართლო ემზადებოდა მეორე დროებითი ღონისძიების გამოსაცემად, იმიტომ, რომ მხარეს, ამ შემთხვევაში სააკაშვილის ადვოკატებს, წარდგენილი ჰქონდათ სასამართლოში სახალხო დამცველის ექსპერტების მიერ გაცემული დასკვნა“, - აცხადებს ლომჯარია. 

რაც შეეხება სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრების საკითხს, ომბუდსმენი ამბობს, რომ დღეს გაეცნობიან ექსპერტები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. 

„ალბათ, ზოგად შეფასებებს გააკეთებენ მკურნალობის მიმდინარეობის თაობაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ მისცემს შესაძლებლობას, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა დაესწროს სხდომებს. თუ ფიზიკურად ვერ მოხერხდა, დისტანციურად დაესწრება, იმიტომ რომ ჩვენ უკვე შევაფასეთ, პირველი სამი პროცესი, სადაც მას არცერთი ფორმით დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა“, - აცხადებს ნინო ლომჯარია. 

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

 ობიექტურ სამედიცინო რჩევას და შემდგომ სამართლებრივ პროცესს კვლავ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს - კარლ ჰარცელი

⚫ საფრთხეები სხვადასხვა ორგანოთა სისტემის მხრივ ძალიან ბევრია - სანდრო ცისკარიძე სააკაშვილზე