მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„როდესაც საზოგადოება იწყებს განხილვას, საიდან აქვს გოგაშვილს ამდენი ქონება, რა მამაძაღლი ყოფილა, ამით თემა ვიწროვდება“ - გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილი

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის დაკავებას გამოეხმაურა. მისი თქმით, პირველი მუხლი, რომელიც გოგაშვილს  წარდგენილი აქვს, (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა) კარგად არის გამოსაძიებელი, რადგან შეიძლება საქმე ეხებოდეს იარაღის ჩადებას.

„მას სამი მუხლით აქვს წარდგენილი ბრალდება. ერთი არის იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა, მეორე - თანამდებობის ბოროტად გამოყენება და მესამე - პირადი ინფორმაციის მოპოვება-გავრცელება. ამ სამი ბრალდებიდან პირველი არის მინიმუმ საეჭვო. იმიტომ, რომ ის იყო სპეცსამსახურების მაღალჩინოსანი, ჰქონდა ბევრი კანონიერი იარაღი. ასეთ ვითარებაში სახლში უკანონო იარაღის ქონის რა აუცილებლობა ჰქონდა მას, ძნელად წარმოსადგენია. ამიტომ, ეს საკითხი არის სერიოზულად გამოსაძიებელი. მართლა ხომ არ ჰქონდა ადგილი იარაღის ჩადებას იმ მიზნით, რომ მისი დაპატიმრების ფორმალური საფუძველი გაჩენილიყო. რაც შეეხება დანარჩენ ორ ბრალდებას, მე პრინციპში მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იოსებ გოგაშვილი ამ საქმიანობას ეწეოდა. მაგრამ აქ არის ერთი დათქმა, რომ ეს არის საქმე, რომელიც ეხება სისტემურ დანაშაულს. ეს გოგაშვილის პირადი საქმე კი არ არის, ეს არის მთლიანად სპეცსამსახურების ძალიან სერიოზული პრობლემა.

საზოგადოებამ უნდა ისწავლოს პრიორიტეტების გამოყოფა. ნებისმიერი ადამიანის საქმე, მათ შორის გოგაშვილისაც, ეს არ არის ერთ პრიზმაში განსახილველი საქმე. როდესაც საზოგადოება იწყებს იმის განხილვას, საიდან აქვს გოგაშვილს ამდენი ქონება, რა მამაძაღლი ყოფილა და ახლა ამისთვის უნდა დაისაჯოს, ამით თემა ვიწროვდება. იმიტომ, რომ გოგაშვილის საქმე ეს არის დიაგნოზი მთლიანად პოლიტიკური სისტემისთვის, განაჩენი მე ვიტყოდი.

შესაბამისად, ვუყურებთ პროცესს, როდესაც გოგაშვილი ისჯება არა იმ სავარაუდო დანაშაულებისთვის, რაც, ალბათ, ბევრი აქვს ჩადენილი, არამედ იმისთვის, რომ ამ დანაშაულების ანატომია გამოიტანა სააშკარაოზე. სანამ ასე გაგრძელდება, ევროპაში კი არა, ცივილიზებულ სამყაროში საქართველოს ადგილი არ და ვერ იქნება“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს. როგორც სუსში აცხადებენ, გოგაშვილის სახლში ჩხრეკის ოპერაცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა და საქმე ეხება არა ახალ, არამედ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებას.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „კატეგორიულად ვემიჯნები, პოლიტპატიმრად მოვიხსენიოთ გოგაშვილი, უხერხულია, ტატუნაშვილის ქვეყანაში ცოტა ფრთხილად მოვეპყროთ ამ სიტყვას“ - თაკო ჩარკვიანი

👉 „8 საცხოვრებელი სახლისა და 4 ავტომანქანის ჩხრეკა ჩატარდა“ - სუსი სოსო გოგაშვილზე

👉 „რომ გეუბნებიან, შეიძლება მოგიწყონ ავარია, რომ სოსოს ვაჭრობა დაუწყონ... „საჩუქარს“ ჩემგანაც მიიღებენ“ - სოსო გოგაშვილის მეუღლე

👉 🎥 სოსო გოგაშვილი დააკავეს

👉 „გვაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენს სახლებსა და ავტომანქანებში დამონტაჟებულია ჩამწერი აპარატურა, შესაძლებელია, განხორციელდეს ჩვენი ლიკვიდირებაც“ - სოსო გოგაშვილის შვილი