„მიზეზი, თუ რატომ ვარ აქ, არის ის, რომ მე მართლაც მიყვარს უკრაინა, სადაც ჩემი ცხოვრების 17 წელზე მეტი გავატარე, მაგრამ გიჟივით მიყვარს საქართველო, სადაც დავიბადე და გავიზარდე. საქართველოს არის ქვეყანა, სადაც მე მასწავლიდნენ ისეთი მასწავლებლები, როგორებიც იყვნენ გელა ჩარკვიანი და მარო ჭავჭავაძე. მე ციხეში მივიღე წერილი ჩემი პირველი მასწავლებლის ნინელი თათარაშვილისგან და ასევე, ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კლარა ჩხაიძისგან და არ დაგიმალავთ, რომ საკანში ბევრი ვიტირე ამ წერილების წაკითხვისას, სხვა არაფერზე არ მქონია ასეთი რეაქცია. მე ვიცი, რომ გელა ჩარკვიანი იყო პირველი ხელმომწერი ჩემი გათავისუფლების პეტიციის. მისი გარდაცვალების ამბავი გავიგე მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში გონების დაკარგვამდე ცოტა ხნით ადრე და ესეც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩემთვის. გელა ჩარკვიანი ხშირად ამბობდა, რომ მის ცხოვრებაში ვიყავი საუკეთესო მოსწავლე და მე არ მომეცა საშუალება მისთვის მეთქვა, რომ ის იყო ჩემი საუკეთესო მასწავლებელი“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პროცესზე ექსპრეზიდენტმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ეპიზოდი გაიხსენა და განმარტა, თუ რატომ დაბრუნდა სამშობლოში.
„ყოველღამე მესიზმრებოდა საქართველო, ბათუმი, აფხაზეთი, ჩემი ეზოს სტადიონი, სადაც ფეხბურთის სათამაშოდ ჩავდიოდი და სულ უფრო აუტანელი ხდებოდა გაცდა, რომ ამ ყველაფერს ვკარგავ მე და ვკარგავთ ჩვენ, როგორც ქართველები, ჩვენი ერი კარგავს ჩვენს სამშობლოს. 2008 წელს რუსებმა შემომითვალეს ფრანგებისა და ამერიკელების მეშვეობით, რომ მეორე დილას შემოდიოდნენ ისინი თბილისში და მე და ჩემს ოჯახს უნდა დაგვიტოვებია დაუყოვნებლივ საქართველო. მათ დაბომბეს და მიწასთან გაასწორეს კოპიტნარის აეროპორტი, დაბომბეს ბათუმის აეროპორტის მიდამოები, მაგრამ არ დაუბომბავთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი და ამის ერთადერთი მიზეზი იყო მათი ულტიმატუმი, რომ სააკაშვილი მოახტეს ახლა თვითმფრინავს და გაკურცხლოს სადღაც უცხოეთში. არ დაგიმალავთ, ზოგიერთი ამერიკელიც მირჩევდა, რომ ეს უნდა გამეკეთებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსები შემოვიდოდნენ თბილისში და განახორციელებდნენ იმას, რასაც პუტინი დაჰპირდა სარკოზის - ჩემი ერთი ადგილით დაკიდებასა და ჩემი ახლობლების განადგურებას. გადაწყვეტილების მისაღებად მე დამჭირდა 2-3 წუთი. გამახსენდა, რომ 1921 წელს, როდესაც ბოლშევიკური არმია შემოვიდა თბილისში, საქართველოს მთავრობა წავიდა ჯერ ბათუმში, მერე სტამბოლში, ბოლოს კი საფრანგეთში, ლევილის მამულში. ვიცი, რომ 40 წლის შემდეგაც ისინი ისხდნენ და არჩევდნენ ამ ძველ ამბებს იმ საქართველოზე, რომელსაც ვერასოდეს ნახავდნენ თავის ცხოვრებაში. ვიფიქრე, რომ არასოდეს ჩემს თავს არ ჩავიყენებდი ამ მდგომარეობაში“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სააკაშვილის სასამართლო პროცესს ტელევიზიები პირდაპირ ეთერში აშუქებენ.
აგრეთვე წაიკითხეთ:
👉 გიული ალასანია შვილის სასამართლო პროცესზე დასასწრებად მივიდა
👉 „ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები“ - შსს
👉 „მიხეილ სააკაშვილის გასამართლება ისტორიული აბსურდია“ - ნიკა მელია
👉 „დავბრუნდი საქართველოში, სადაც შეიძლება მოვეკალი ისე როგორც ზვიად გამსახურდია“ - სააკაშვილი