მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თანახმა ვარ მედიკამენტოზურ ჩარევაზე“ - მიხეილ სააკაშვილი

ყოფილი პრეზიდენტი

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულების შემდეგ, მისმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან სააკაშვილის მიმართვა წაიკითხა.

სააკაშვილი საკვების მიღებაზე კვლავ უარს აცხადებს, მაგრამ იმისთვის, რომ შეინარჩუნოს საღი აზროვნება, თანახმაა მედიკამენტოზურ ჩარევაზე.

„ჩემი პოზიცია შიმშილობასთან დაკავშირებით არის შემდეგი:

ყველა ჩემი ნაბიჯი იყო ნაკარნახევი მთავარი მიზნით, დავეხმარო ქართველ ხალხს ჭაობიდან თავის დაღწევაში. ჩამოვედი ისე, რომ არ მომხდარიყო შეტაკებები და არავინ დაზარალებულიყო. ასევე, მოვუწოდე სხვებს, რომ შეწყვიტონ შიმშილობა. ვიშიმშილებ მხოლოდ მე, ერთადერთი მოთხოვნით, შეწყდეს მართლმსაჯულების უსამართლო, პოლიტიკური მიზნისთვის გამოყენება და დავუბრუნდეთ ნორმალურ დემოკრატიულ პროცესს, სადაც ხალხი იღებს გადაწყვეტილებებს ძალდატანების და გაყალბების გარეშე.

სანამ დაპატიმრებული ვარ, საკვებს არ მივიღებ არცერთი ფორმით და მზად ვარ სიკვდილისთვისაც. ამავე დროს მინდა დიდი ხნით შემრჩეს საღი აზროვნება და შრომისუნარიანობა, ამიტომ თანახმა ვარ ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე, რომელიც საშუალებას მომცემს მიმდინარე მოვლენებში თუნდაც შეზღუდულად მონაწილეობის მიღებაში, რათა სადამდეც შემეძლება გამოვადგე საქართველოს. ახლა საზოგადოება ძალიან მობილიზებულია და მიუხედავად ჩემი პირადი მდგომარეობისა, როგორც არასდროს, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, - აღნიშნულია მიმართვაში.

ადვოკატის განმარტებით, ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილთან საუბარი მის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს ექნება.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

10 ოქტომბრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დამაკმაყოფილებელია.

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ციხეში ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი დააკვირდება.

მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება, თუმცა, მოგვიანებით, უკრაინის პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილის ექსტრადირებას არ ითხოვს.

14 ოქტომბერს თბილისში სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. ექსპრეზიდენტმა მრავალრიცხოვანი აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენთვის აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის, ჩვენთვის მთავარია, ჩვენი ხალხი რას იტყვის

🔴 „სააკაშვილი არ ჩაბარებულა, შემოიპარა, როგორც ვირთხა და დააკავეს“ - მიხეილ ყაველაშვილი

🔴„ჩემი შემოთავაზება ასეთია, დაიწყოს საქართველოში დიდი შერიგება“ - თაკო ჩარკვიანი

🔴„დღეს საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია“ - მეუფე შიო