მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბლინკენი ლავროვს: თუ რუსეთი უკრაინის მიმართ აგრესიას გადაწყვეტს, ჩვენ სწრაფი და მკაცრი პასუხისთვის მზად ვიქნებით

ენტონი ბლინკენი და სერგეი ლავროვი

ჟენევაში აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მიმდინარეობს. 

მოლაპარაკებების დაწყებამდე ქვეყნების წარმომადგენლებმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, ერთმანეთს სიტყვით მიმართეს. 

„აქ ვართ, რომ უფრო მკვეთრად განგიმარტოთ ჩვენი შეშფოთება. მივიჩნიეთ ეს კარგ იდეად, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს დაგეხმარებათ, მოამზადოთ კონკრეტული პასუხები ჩვენს წინადადებაზე და შეიტანოთ თქვენი კონტრწინადადებები, თუ, რა თქმა უნდა, მსგავსი გაქვთ. გუშინ და დღეს გავეცანით სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დიდი რაოდენობით მომზადებულ მასალებს იმასთან დაკავშირებით, რასაც თქვენ დეზინფორმაცია უწოდეთ, ინტერესით გავეცანი ამ სამუშაოს. იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში ვინმე კონცენტრირებული იყო ჩვენ წინადადებებზეც, რომლებიც გადმოგეცით და მხოლოდ ამ სამუშაოთი არ იყო დაკავებული.

ბოლოს რაც მინდა ვთქვა არის ის, რომ ერთ-ერთ ბოლო განცხადებაში თქვენ ევროპული ტურნეს დროს ახსენეთ, რომ არ ელოდებით გარღვევას ამ შეხვედრიდან, არც ჩვენ ველით გარღვევას, ჩვენ ველით პასუხებს ჩვენს წინადადებებზე. წინადადებები არის კონკრეტული და ასეთივე პასუხებს ველით“, - უთხრა ლავროვმა ბლინკენს. 

ბლინკენმა აღნიშნა, რომ ამ შეხვედრიდან უთანხმოების მოგვარებას არც ისინი ელიან, თუმცა იმედოვნებენ, რომ დიპლომატიის გზა მხარეებისთვის ისევ ღია იქნება. 

„ვაფასებ ამ შესაძლებლობას, ეს არის ჩვენი მიმდინარე ძალისხმევა, მოვახდინოთ დაძაბულობის ესკალაცია. აქ მოკავშირეებთან და კიევში მოლაპარაკებების შემდეგ მოვდივარ. ყველა ჩვენგანი თანაბრად ვართ ერთგული დიპლომატიის გზის მიმართ, რომ ვცადოთ უთანხმოებების მოგვარება, მაგრამ ასევე ვართ ერთგული ერთიანი, სწრაფი და მკაცრი პასუხისთვის თუ რუსეთი გადაწყვეტს უკრაინის მიმართ აგრესიას. მკაფიო ვართ ფუნდამენტული პრინციპების მიმართ, რომლებსაც დავიცავთ. არ ველით, რომ უთანხმოება დღეს მოგვარდება, მაგრამ ვიმედოვნებ და ველი, რომ დიპლომატიის გზა ღია რჩება“, - განუცხადა ბლინკენმა ლავროვს. 

ჟენევაში აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე იმართება.

შეგახსენებთ, 2021 წლის ნოემბრის შემდეგ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ იუწყება. შეერთებული შტატები ეჭვობენ, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴 პუტინი საწოლის რომელ მხარეს გაიღვიძებს, იმაზეა დამოკიდებული უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გადაწყვეტილება - ბაიდენი

🔴 რუსეთი რუმინეთიდან და ბულგარეთიდან ნატოს ძალების გაყვანას ითხოვს

🔴 თანამგზავრებმა უკრაინის საზღვართან რუსული საბრძოლო ტექნიკა გადაიღეს (ვიდეო) 

🔴 რუსეთის დუმის დეპუტატები პუტინს დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლად აღიარებას სთხოვენ  

🔴 ესპანეთმა შავ ზღვაში საბრძოლო ხომალდები გაგზავნა

🔴 „პარტნიორების უუნარობის გამო ჩვენი მოქალაქეების სისხლით აღარ გადავიხდით, სწრაფად გამოიტანონ დასკვნები რუსეთის ქმედებებზე“ - დმიტრო კულება