მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უფრო მეტად საკუთარ ხალხს ებრძვის პუტინი, ვიდრე უკრაინას ან ნატო-ს“ - კახა გოგოლაშვილი

„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი

რონდელი ფონდის უფროსი მრჩეველი, კახა გოგოლაშვილი, სოციალურ ქსელში წერს, თუ რა იდეა აქვს პუტინს და რა მიზანი ამოძრავებს მას. მისი თქმით, პუტინი უკრაინაზე და ნატო-ზე მეტად საკუთარ მოქალაქეებს ებრძვის თავისი ქმედებებით, რადგან ყველაზე მეტად მათ უბრმავებს თვალს.

„რამდენჯერ გამიგია სტალინი გენიოსი იყო, მაგრამ ბოროტი გენიაო. ჰიტლერზეც უთქვამთ დაახლოებით იგივე. ერთიც და მეორეც ის ხალხია, რომლებიც ტყუილს, პროვოკაციას, დემაგოგიას, გადაბრალებას, ცრუმოწამეობას და სხვა მრავალ ამდაგვარ ხერხს მიმართავდნენ თავიანთი "დიადი" მიზნების მისაღწევად. მათი გაგებით, ამ ყველაფერს "აპრავებდა" რეალპოლიტიკისთვის დამახასიათებელი თეზა, რომელიც პირველად, მგონი, ნიკოლო მაკიაველისთან ამოვიკითხე, მერე კი დაახლოებით იგივე მორგენთაუს სტატიაშიც შემხვდა - "მიზანი ამართლებს საშუალებას" ან "პოლიტიკური ქმედების მორალურობა იზომება პოლიტიკური შედეგით."

ჩემი აზრით, ზოგ შემთხვევაში თავად საშუალებაა მიზანი და სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს ახლა საქმე. სტალინი და ჰიტლერი შესაძლოა ინფანტილურ ბებრუცუნებად გვეჩვენოს, როცა ნამდვილ ბოროტებასთან გვაქვს შეხება. სტალინსა და ჰიტლერს იდეა ამოძრავებდათ, ბოროტი და მცდარი, მაგრამ მაინც იდეა. ისინი თავიანთ ქმედებას ამართლებდნენ მიზნით, რომელიც სიცოცხლეზე მეტად უღირდათ.

მაგრამ, რა მიზანი ამოძრავებს პუტინს? ნუთუ მართლა საბჭოთა კავშირის აღდგენა, ან დონბასის ანექსია რუსეთისთვის? ხელისუფლების სიცოცხლის ბოლომდე შენარჩუნება? ამერიკის მუხლებზე დაჩოქება? მგონი ეს ყველაფერი არ არის საკმარისი მიზეზი, იმისთვის, რომ მსოფლიო ომი გააჩაღო. მგონია, რომ ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა მთავარი არა მიზანია, არამედ "საშუალება" რომლითაც ამ მიზნისკენ მიდიხარ. ეს სიცრუის გამეფების, უნდობლობის დათესვის, სიძულვილის გამრავლების, ზიზღისა და სულიერი გარყვნილების დამკვიდრების მეთოდებია, რომლითაც ის ომობს.

ახლა ვხვდები, რომ რაკეტებითა და თვითმფრინავებით დაბომბვა არ არის ყველაზე დიდი საშინელება, რომლითაც ის ემუქრება თავისუფალ ერებს. ეს არის სიმართლის გამრუდება, სიცრუის ნორმად მიღება, ის რაც მან რუსეთის მოსახლეობის 65%-ს უყო, რომელიც ახლა ამართლებს უკრაინაში შეჭრას. უფრო მეტად საკუთარ ხალხს ებრძვის პუტინი, ვიდრე უკრაინას ან ნატოს, რადგან სწორედ მას უბნელებს თვალებს, უმღვრევს გონებას და ართმევს სულით ჭვრეტის უნარს.

ჩვენ მასზე ზედმეტად კარგად ვფიქრობთ, როცა ექსპანსიონიზმში ან ტერიტორიების მითვისების სურვილში ვადანაშაულებთ. მისი ამოცანა უფრო მასშტაბურია - სიცრუის გამეფება დიდი ხნით, დაახლოებით ისე, როგორც ეს საბჭოთა კავშირის შექმნის შემდეგ მოხდა. ტერიტორია ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია. მთავარია, იქ სადაც ის ზეობს, გამრუდებული აზროვნება, ფასეულობები და რეალობის აღქმა სუფევდეს. ასეთი ბოროტება არ შეიძლება იყოს გენიალური, არც ნიჭიერი. ამიტომაა, რომ ასე უნიჭოდაა დადგმული მისი ყველა პროექტი - საქართველოში შემოჭრა და ოკუპაცია, ყირიმის ანექსია, დონბასის "აჯანყება", ახლა ეს პროვოკაციები დონბასში.

ყველაფერი თეთრი ძაფითაა ნაქარგი. მაგრამ, ბევრი ამას გენიალურ ტაქტიკურ გამარჯვებებად ნათლავს. და აი, მას უკვე ჰყავს მრავალი თაყვანისმცემელი, რომელიც ანთებული თვალებით მიშტერებია თავხედურ ქმედებას და ვერც კი ამჩნევს, რომ უნიჭოდ დადგმული ფილმის "მასოვკას" დამსგავსებია, რომელსაც საბჭოთა კავშირში დღეში სამ მანეთად ქირაობდნენ“, - წერს გოგოლაშვილი სოციალურ ქსელში. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴 „ეს არ იქნება ის გასეირნება, რომელიც რუსეთმა საქართველოში მოაწყო 2008 წელს“ - კახა გოგოლაშვილი

🔴 ამერიკელებმა უკრაინა 48 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ - ჯეიკ სალივანი

🔴 „პუტინი პირადი დასასრულისთვის ემზადება“ - ანდრიუს კუბილიუსი

🔴 „რამდენიმე დღეში რუსეთ-უკრაინის დიდი ომი შეიძლება დაიწყოს“ - ზურაბ ბატიაშვილი

🔴 „48 საათში ნამდვილად არ დაიწყება ომი“ - კახა გოგოლაშვილი

🔴 უკრაინის დატოვებისკენ საკუთარ მოქალაქეებს იაპონიამ და ნიდერლანდებმა მოუწოდეს

🔴 „უკრაინა-რუსეთს შორის ომი თუ დაიწყო, რუსები ჩვენი პორტების ბლოკირებას მოახდენენ“ - კახა გოგოლაშვილი