მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დავთანხმდი ჩემს მიერ აშენებულ გორის ჰოსპიტალში გავემგზავრო ჩემს მიერვე აშენებული ავტობანით“ - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge

„მე, მიხეილ სააკაშვილი, მზად ვარ წარვდგე თუნდაც სპეციალურად შექმნილი, ოღონდ სამართლიანი სასამართლოს წინაშე და დავიცვა ჩვენი ისტორიული სიმართლე, მათ შორის, იმ ადამიანების წინაშე, ვინც თავი დაჩაგრულად იგრძნო ან ვისაც რეალური ზიანი მიადგა ჩემი პრეზიდენტობის დროს“, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია ნათქვამი. 

ჟურნალისტებს სააკაშვილის მიმართვა მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ წაუკითხა. 

მიხეილ სააკაშვილმა მხარდაჭერისთვის და სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა ელენე ხოშტარიას, პაატა ბურჭულაძეს, უკრაინის პრეზიდენტს, საერთაშორისო საზოგადოებას და რიგით მოქალაქეებს. 

სააკაშვილი აცხადებს, რომ არცერთი დღით არ აპირებს უკანონო პატიმრობაში ყოფნას. 

„ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო და თანამებრძოლებო, მინდა მთელი გულით მადლობა გადაგიხადოთ უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის, მეც კი, რომელსაც ყოველთვის მჯეროდა ჩემი ხალხის, გაოგნებული ვარ ჩემი ერის გვერდში დგომის უნარით და ჰუმანურობით. 

თქვენ, ვისაც ამდენი პრობლემა გაქვთ ყოველდღიურად, ყველაფერი გვერდზე გადადეთ და მთლიანად დაკავდით ჩემი საკითხით, მსოფლიოში ასეთი რეზონანსი არასდროს გამოგიწვევიათ. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. 

ამავე დროს, ბოდიში მინდა მოგიხადოთ ჩემს მიერ უნებლიეთ მიყენებული სტრესისთვის, რომელიც მთავრობის გულქვაობის პირობებში მიადგა ჩემი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხის მუდმივად მასმედიაში გაშუქებას. ბოდიშს ვუხდი ყველას, განსაკუთრებით ბავშვებს. 

დიდი მადლობა ელენე ხოშტარიას გმირობისთვის, ჩვენს ეროვნულ სიამაყეს პაატა ბურჭულაძეს, დეპუტატებს სოლიდარობის ნიშნად შიმშილობისთვის. რაც მთავარია, ყველაზე დიდი მადლობა უბრალო და ყველაზე გამორჩეულ და განსაკუთრებულ მოქალაქეებს სიცივეში დგომისთვის თუ შიმშილობის აქტებისთვის. 

უზარმაზარი მადლობა მთელ საექიმო თანამეგობრობას, როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ, ქართველ ექიმებს, რომლებმაც უმაღლესი პროფესიული წესიერება და კვალიფიკაცია გამოიჩინეს. მადლობა ჩემი ოჯახის წევრებს გვერდში დგომისთვის და ძალიან დიდი ბოდიში მიყენებული ნერვიულობისთვის. 

დიდი მადლობა საერთაშორისო თანამეგობრობას, მხარდამჭერებს და საერთაშორისო მედიას. განსაკუთრებული და უზარმაზარი მადლობა ნინო ლომჯარიას და მის არაჩვეულებრივ გუნდს. მადლობა უკრაინის სახალხო დამცველს და განსაკუთრებით კი უკრაინის პრეზიდენტს და უკრაინელ ხალხს. 

პირადი და განსაკუთრებული მადლობა ქართულ, თავისუფალ მედიას. დღეისთვის ამ ქვეყნის მომავალზე, ყველაზე გამორჩეულად, თავდადებულად და რაც მთავარია, წარმატებულად მებრძოლ ინსტიტუციას. დავთანხმდი ჩემს მიერ აშენებულ გორის ჰოსპიტალში გავემგზავრო, ჩემს მიერვე აშენებული ავტობანით და იქ განთავსებისთანავე შევწყვიტო შიმშილობა. 

არ ვაპირებ არცერთი დღით შევეგუო ჩემს უკანონო პატიმრობას და იმედია, არც თქვენ შეეგუებით ჩემი პუტინის ტყვეობაში ყოფნას. მე, მიხეილ სააკაშვილი მზად ვარ წარვდგე თუნდაც სპეციალურად შექმნილი, ოღონდ სამართლიანი სასამართლოს წინაშე და დავიცვა ჩვენი ისტორიული სიმართლე, მათ შორის იმ ადამიანების წინაშე, ვინც თავი დაჩაგრულად იგრძნო ან ვისაც რეალური ზიანი მიადგა ჩემი პრეზიდენტობის დროს. ეს ყველაფერი უნდა ჩატარდეს ეროვნული ღირსების და სამართლებრივი ნორმის განუხრელი დაცვით. დავემორჩილები ამგვარი სასამართლოს ნებისმიერ განაჩენს“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 

ინფორმაციისთვის, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც მან ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის პენიტენციური დაწესებულების რეანიმაციაშია მოთავსებულიყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მესამე პრეზიდენტი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

 „არ გახვიდეთ გარეთ, ღმერთი გიშველით, ან ამერიკა, ან უცხოპლანეტელები“ - ზურაბ ჯაფარიძის მიმართვა

„სანამ ფიზიკურად არ იქნება გადაყვანილი საავადმყოფოში, ჩვენ არ უნდა დავიშალოთ“ - ნიკა მელია