მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ გამოვრიცხავ, ქართულმა სახელმწიფომ უკრაინას გადასცეს მიხეილ სააკაშვილი“ - ვახტანგ ძაბირაძე

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში ვახტანგ ძაბირაძე საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან ევროპარლამენტარების და უკრაინის მხრიდან, მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებებს აფასებს.

მისი თქმით, ევროპარლამენტარები კატეგორიულ ულტიმატუმს და მოთხოვნებს არ წაუყენებს საქართველოს ხელისუფლებას.

„თუ წინასწარი განცხადებებით ვიმსჯელებთ, ის განცხადებები, რომელიც ევროპარლამენტარებმა გააკეთეს, მათი რჩევა იყო საქართველოში არ ჩამოსულიყო სააკაშვილი, რადგან ეს გამოიწვევდა უფრო მეტ პოლარიზაციას და დაძაბულობას. დღეს რა განცხადებებს გააკეთებენ ევროპარლამენტარები, ამის თქმა ცოტა რთულია, მაგრამ არ მგონია, რომ რაიმე კატეგორიული ულტიმატუმი, მოთხოვნები წაუყენონ საქართველოს ხელისუფლებას, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ იმ დანაშაულებს, რასაც ხელისუფლება უყენებდა სააკაშვილს, დაემატა კიდევ ერთი საზღვრის არალეგალური კვეთა. ამიტომ ყველა ბრალდება რომ მოუხსნან, ეს ბრალდება მაინც დარჩება და ამას ვერავინ ვერაფერს უზამს. მაშინ უნდა დამტკიცდეს, რომ მან ლეგალურად გადმოკვეთა საზღვარი“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ვახტანგ ძაბირაძემ, ასევე, უკრაინის მიერ გავრცელებულ განცხადებებზეც ისაუბრა.

მისივე თქმით, ეს სცენარი შეიძლება განხილული იყო ზელენსკისა და ღარიბაშვილის შეხვედრებზე.

„სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და უკრაინა, რა თქმა უნდა, ეცდება მისი მოქალაქე დაიცვას. უკრაინის მიერ გავრცელებული განცხადება სწორი და მართებულია. თუმცა, ამას ქართული მხარე დაუპირისპირებს იმ არგუმენტებს, რაც მათ აქვთ. პირველი, ის რომ მან დანაშაული ჩაიდინა საქართველოში და საქართველოს სრული უფლება აქვს, გაასამართლოს ის მის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისთვის.

მეორე, მან დაარღვია სასაზღვრო რეჟიმი, გადმოკვეთა უკანონოდ და აქაც უკრაინის სახელმწიფოს არანაირი რეალური არგუმენტი არ ექნება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. თუმცა, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს არ შეუშლის იმას, რომ მოლაპარაკებები წარიმართოს. უკრაინის ხელისუფლებას შეუძლია მოლაპარაკების დროს მოითხოვოს, უკრაინის მოქალაქემ სასჯელი მოიხადოს არა საქართველოში, არამედ უკრაინაში. ეს უკვე დამოკიდებულია იმაზე თუ რა პოლიტიკური ვითარება იქნება ორივე ქვეყანაში.

ხელისუფლებას, რუსთავში მიხეილ სააკაშვილის გაჩერება ხელს არ აძლევს. არ გამოვრიცხავ იმ ვერსიასაც, რომ მსგავსი სცენარის განვითარება შეიძლება იყო განხილული ზელენსკისა და ღარიბაშვილის შეხვედრებზე და არც იმას გამოვრიცხავ, რომ ქართულმა სახელმწიფომ უკრაინას გადასცეს მიხეილ სააკაშვილი. ამ ორ ქვეყანას შორის განმსაზღვრელი ფაქტორი არა სააკაშვილი, არამედ განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება, ხვალ ხალხის რა ოდენობა იქნება რუსთაველზე და როგორი იქნება საპროტესტო მუხტი“, - აღნიშნა ექსპერტმა.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, სააკაშვილის დაპატიმრებას არჩევნებზე და მოსახლეობის აქტივობაზე დიდი გავლენა არ მოუხდენია.

მისი თქმით, მომხდარი ფაქტი საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე გავლენას არ იქონიებს.

„ჯერჯერობით რასაც ვუყურებ, გამომდინარე იქიდან, თუ როგორია ადამიანთა აქტიურობა, უნდა მივიჩნიოთ, რომ სააკაშვილის ამ დაპატიმრებას არჩევნებზე და მოსახლეობის აქტივობაზე დიდი გავლენა არ მოუხდენია. ვნახოთ რა იქნება საღამოს. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია. თუ, დავუშვათ, დაფიქსირდება, რომ არჩევნების აქტიურობა პლუს მინუს 1% იყო 2017 წლის არჩევნებთან შედარებით, ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილის გავლენა არჩევნებზე იყო ნულის ტოლი და საპროტესტო ტალღა იქნება დაძლევადი“, - აცხადებს ძაბირაძე.

ინფორმაციისთვის, 1-ელ ოქტომბერს დილას, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოშია და ბათუმში იმყოფება.

სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას მისი პარტიის წევრები და მხარდამჭერები ადასტურებდნენ, თუმცა, შსს-ში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფდნენ.

1-ელ ოქტომბერს საღამოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.

პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის გადაადგილების შესახებ იქიდანვე, როცა მან დატოვა უკრაინა და შემოვიდა საქართველოში, ხოლო დაკავებისთვის შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ მინიმალური ხელის შემშლელი ფაქტორები ყოფილიყო.

ექსპრეზიდენტი რუსთავის ციხეშია. გვიან ღამით მასთან უფლებადამცველი ნინო ლომჯარია შევიდა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის პოლიტმატიმარია და შიმშილობას აცხადებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, დღეს 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ სააკაშვილი კიევისგან ყველა საჭირო დახმარებას მიიღებს.

2 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა და მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

ამავე თემაზე:

🔴 „იცოდეთ, რომ ბოლომდე ვიბრძოდი“ - სააკაშვილის მიმართვა დაკავებამდე

🔴 „მიხეილ სააკაშვილმა გამოაჩინა ის უნარ-ჩვევები, რომელიც საჭირო არის ყველა პატრიოტისთვის“ - ნიკა მელია

🔴„სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობაზე საუბარი ზედმეტია“ - მამუკა მდინარაძე

🔴 „ერთი გარანტია აქვს, თუ ციხეში მოხვდება, წამება და გაუპატიურება არ ემუქრება“ - ვოლსკი სააკაშვილზე

🔴 „თქვენ გგონიათ, რომ მე არ ვიცოდი?!“ - კალაძე