მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დეკემბერ-იანვარი ყველაზე დიდი საფრთხე იქნება“ - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
1638954183
COVID-19

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, გრიპის ვირუსზე და კორონავირუსის ახალ ვარიანტზე „ომიკრონის“ შესახებ ისაუბრა. 

როგორც ივანე ჩხაიძე აცხადებს,  ჰოსპიტალური სექტორი ამ ეტაპზე მომზადებულია და პაციენტების მომსახურების პრობლემა არ დგას. 

„მეხუთე ტალღა ერთ-ერთი გამორჩეული აღმოჩნდა. ინფიცირებულთა რაოდენობა მაღალია, ასევე, ძალიან მაღალია გარდაცვლილთა მაჩვენებელი. არის რამდენიმე კომპონენტი, რომელიც ცოტათი მაინც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა,  ეს არის აქტიური შემთხვევების რაოდენობა.

გარკვეული სტაბილური მდგომარეობა პაციენტების სტაციონარული მკურნალობის თვალსაზრისით გვაქვს, 2 300 საწოლია დღეს თავისუფალი, აგვისტოს ბოლოს 450 გვქონდა, რაც შეეხება ვაქცინაციაც გასამმაგებული და გაოთხმაგებულია 15 ნოემბრის შემდეგ. ამ ციფრების შენარჩუნების შემთხვევაში, ჩვენ მაისისთვის აცრილებში 60% -იან მაჩვენებელს მივაღწევთ. ჩვენ გვჭირდება მოსახლეობის 80%-ის ვაქცინაცია, ყველაფერი, რაც კეთდება შედეგიანია, მაგრამ არა საკმარისი“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

ივანე ჩხაიძის თქმით, თუ ომიკრონი საქართველოში  დაფიქსირდა ის აუცილებლად გახდება დომინანტი ვარიანტი, რომელიც დელტას ჩაანაცვლებს. 

მისი თქმით,  გრიპის შემთხვევა საქართველოში უკვე დაფიქსირდა.

„ზამთრის პერიოდი, რა თქმა უნდა, სავარაუდო საფრთხეებს ზრდის და ამას დაემატა ახალი მუტაცია „ომიკრონის“ ვირუსი, რომელსაც გამორჩეული თვისება რაც გააჩნია არის მისი იოლი გავრცელება და გადამდებლობა სხვა ინფორმაცია ამ ეტაპზე არ არის, თუმცა ესეც საკმარისი იმისათვის რომ „ომიკრონი“ იყოს განხილული როგორც სერიოზული საფრთხე.

რაც შეეხება სხვა ტიპის საფრთხეებს, რა თქმა უნდა, ზამთარში, განსაკუთრებით, დეკემბერ-იანვარში რესპირაციული ინფექციების მატების პიკია, რაც საფრთხეს წარმოადგენს. იცით, რომ წინა კვირას გრიპის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და სავარაუდოდ, გრიპის შემთხვევებიც მოიმატებს და ესეც საფრთხეა. ჩვენ გვაქვს წინ ზამთრის პერიოდი და მოსალოდნელია რესპირაციული ინფექციების მატება.

გვაქვს გრიპის შემთხვევების მატების მოლოდინი და, ასევე, იმის მოლოდინი, რომ ქვეყანაში ალბათ დაფიქსირდება ახალი მუტაცია, რომელიც თავისთავად მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს. ამიტომ, ალბათ, დეკემბერ-იანვარი მთელი 2 წლიანი პანდემიის მიმდინარეობისას ქვეყანაში ყველაზე მძიმე და ყველაზე სერიოზული გამოცდა იქნება, ვინაიდან ასეთი რეალური საფრთხეები წინა ანალოგიურ პერიოდში ნამდვილად არ ყოფილა“, - აღნიშნავს ჩხაიძე. 

იმუნიზაციის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ომიკრონის სიმპტომების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ომიკრონს“ გაციების მსგავსი სიმპტომები ახასიათებს. 

„თუ საქართველოში „ომიკრონი“ დაფიქსირდა, შემოსვლიდან  ძალიან მალე გახდება დომინანტური. ომიკრონისგან თავის დაცვის ერთ-ერთი საშუალება იქნება ბუსტერ დოზების გაკეთება. ამ ვარიანტს ახასიათებს უფრო მეტად გაციების მსგავსი მიმდინარეობა, არ ახასიათებს ხველა, არ ახასიათებს ხანგრძლივი მაღალი ტემპერატურა, არ ახასიათებს ყნოსვისა და გემოს დაკარგვა. უფრო მეტად მისი მიმდინარეობა არის გაციების მსგავსი, ერთ-ორი დღის განმავლობაში გამოხატული სიმპტომატიკით, თავის ტკივილით, დაღლილობით.

ომიკრონის სავარაუდო საფრთხის შემთხვევაში აუცილებელია იმ ადამიანების დაცვა, რომლებმაც კორონავირუსის გადატანის შემდეგ მიიღეს იმუნური პასუხი. იმისათვის რომ ადამიანი გაუმკლავდეს წარმატებით და არ მოხდეს რეინფიცირება აუცილებელია ვაქცინა“, - დასძენს იმუნიზაციის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი.

ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. მას შემდეგ ის დაახლოებით 12 ქვეყანაში დაფიქსირდა. ახალი შტამის გამო ევროპამ, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა აფრიკის 7 სახელმწიფოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

 „კორონავირუსის ახალ ვარიანტში ერთდროულად 32 ცვლილება დაფიქსირდა“ - ზაზა წერეთელი

 აცრა სავალდებულო უნდა იყოს მათთვისაც, ვინც კორონავირუსი გადაიტანა - ზაზა წერეთელი

 რა არის კორონავირუსის ახალი შტამის უმთავრესი სიმპტომი და რით განსხვავდება დელტა შტამისგან?

 „ბოლო ექვს თვეში სრულად ვაქცინირებული ადამიანები კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტისგან დაცულნი არიან“ - ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი

 „კორონავირუსის ახალი ვარიანტი შეიძლება დომინანტი გახდეს“ - სუმია სვიმინათანი

⚫ „მუდმივად ვიმყოფებით გართულებული ეპიდსიტუაციის ფონზე, გარდაცვლილების რიცხვი ძალიან მაღალია“ - მაია ბუწაშვილი