მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მაიმუნის ყვავილის“ მწვავე დასაწყისი, ყელის ტკივილი და ლიმფური კვანძების გადიდება - ალექსანდრე გოგინავა საქართველოში ინფექციის შესაძლო გავრცელებაზე განმარტებას აკეთებს

„მაიმუნის ვირუსი“

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „მაიმუნის ყვავილის“ ინფექციის შესახებ განმარტებას აკეთებს და მოსახლეობას მოუწოდებს, რომ პანიკას არ აჰყვნენ, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს. 

როგორც ინფექციონისტმა „კვირას“ პრესცენტრში „მაიმუნის ვირუსის“ შესახებ საუბრისას განაცხადა, ამ ეტაპზე რთულია იმაზე საუბარი თუ რატომ გავრცელდა ინფექცია არაენდემურ კერებში. 

„მაიმუნის ყვავილი“ არ არის ინფექცია და საკმაოდ დიდი ხანია ეს ვირუსი არსებობს. „მაიმუნის ვირუსი“ ადამიანებში დაფიქსირდა 1970 წელს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში და მას შემდეგ აფრიკის კონტინენტზე ეპიდაფეთქებები იყო. 

განსაკუთრებით შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა მას შემდეგ რაც „მაიმუნის ყვავილის“ ვაქცინაცია აღარ ხდებოდა. „მაიმუნის ვირუსი“ ძირითადად აფრიკის კონტინენტზე იყო გავრცელებული, გარკვეულწილად ერთეული შემთხვევები ფიქსირდებოდა ხოლმე აფრიკის კონტინენტის გარეთაც. 

ამჟამინდელი შეშფოთება გარკვეულწილად გამოწვეულია იმით, რომ საკმაოდ ბევრი ასეული შემთხვევაა უკვე დაფიქსირებული ენდემური კერის ანუ აფრიკის კონტინენტის გარეთ, ძირითადად დაფიქსირებულია ევროკავშირის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში და ძირითად შემთხვევებში ამ ადამიანებს კავშირი აფრიკასთან არ აქვთ. 

სწორედ ეს არის მთავარი კითხვა, რაზედაც მიმდინარეობს ახლა კვლევები, თუ რა ფაქტორებმა შეუწყო ხელი არაენდემურ კერაში ამ დაავადების გავრცელებას. არის სხვადასხვა თეორიები და მოსაზრებები. მტკიცებულებაზე დაყრდნობით ცოტა რთულია საუბარია, თუ რატომ გავრცელდა არაენდემურ კერაში ეს ინფექცია“, - განაცხადა გოგინავამ. 

გოგინავას განმარტებით, „მაიმუნის ვირუსს“ საკმაოდ მწვავე დასაწყისი აქვს და ცხელებით მიმდინარეობს. 

ექიმი ამბობს, რომ მას ლიმფური კვანძების გადიდება და პოლიმორფული გამონაყარი ახასიათებს. 

„მაიმუნის ყვავილს“ საკმაოდ მწვავე დასაწყისი აქვს, ცხელებით მიმდინარეობს, ზოგადი სიმპტომატიკით როგორიც შეიძლება იყოს ყელის ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება, სახსრების, კუნთების ტკივილი. დაახლოებით სიმპტომების დაწყებიდან მე-3, მე-4 დღეს გამონაყარი ვლინდება. გამონაყარი არის პოლიმორფული, თავისი თავიდან შეიძლება იყოს კვანძოვანი, შემდეგ კი უკვე გაჩნდეს ე.წ. ბუშტუკოვანი გამონაყარი“, - აცხადებს გოგინავა. 

ჟურნალისტის კითხვაზე მიიღებს თუ არა „მაიმუნის ვირუსი“ ეპიდემიურ სახეს, ინფექციონისტი ამბობს, რომ ამჟამად ამაზე საუბარი რთულია. 

„ამჟამად იმაზე საუბარი თუ რა ტიპის გავრცელება ექნება ამ დაავადებას ცოტა რთულია, მაგრამ როგორც ექსპერტები ვარაუდობენ და ვიცით, თუ როგორ ვრცელდება ვირუსი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ „მაიმუნის ყვავილმა“ მიიღოს პანდემიური ხასიათი“, - აღნიშნა გოგინავამ. 

მისივე განმარტებით, კოვიდ 19-ისგან განსხვავებით, „მაიმუნის ვირუსს“ იოლად გადამდებლობა არ ახასიათებს. იმისთვის, რომ ინფიცირება მოხდეს, საჭიროა ახლო კონტაქტი. 

„პირველი - კორონავირუსს თუ შევადარებთ, კორონავირუსისგან განსხვავებით მას არ ახასიათებს იოლად გადამდებლობა. იმისთვის, რომ ადამიანისგან დავინფიცირდეთ საკმაოდ მჭიდრო და ახლო კონტაქტი უნდა გვქონდეს. მეორე - უკვე არსებობს ვაქცინები, ორთოპოქს ჯგუფის ვაქცინები, რომელიც საკმაოდ ეფექტურია „მაიმუნის ყვავილის“ წინააღმდეგაც. მესამე - არსებობს ანტივირუსული პრეპარატები, რომლებიც ასევე ეფექტურად გამოიყენება ორთოპოქს ვირუსების საწინააღმდეგოდ. 

აქედან გამომდინარე, კორონავირუსს თუ შევადარებთ მისგან განსხვავებით საწყისი გვაქვს ბევრად განსხვავებული. იმიტომ რომ გვაქვს ვაქცინა, არის მკურნალობის საშუალება და ნაკლებად კონტაგიოზურია. აქედან გამომდინარე ფართომასშტაბიანი პანდემიურ გავრცელება „მაიმუნის ყვავილს“ არ ექნება“, - აღნიშნა გოგინავამ. 

რაც შეეხება კითხვას, თუ რამდენად არის შესაძლებელი „მაიმუნის ვირუსი“ საქართველოში გავრცელდეს, ინფექციონისტი ამბობს, რომ ვირუსის გავრცელების თეორიული შანსები ცხადია არსებობს.  

„თეორიულად ამის რისკები არსებობს. იმიტომ რომ ამ დაავადების გავრცელების არეალი თანდათან იზრდება და ძალიან ბევრ ქვეყანაშია დაფიქსირებული. ამიტომ, ერთეული შემთხვევები მოსალოდნელია, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის პანიკის საფუძველი. 

მოსახლეობას მინდა მივმართო და ვთხოვო, რომ პანიკას არ აჰყვნენ იმის მიუხედავად დაფიქსირდება თუ არა  ჩვენთან ეს შემთხვევები. უბრალოდ ინფორმირებული უნდა იყვნენ იმის თაობაზე თუ რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება. 

პირველი - თუ აქვთ მოგზაურობის ანამნეზი, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ეს ინფექცია არის გავრცელებული. მეორე - მოგზაურობის შემდეგ თუ განუვითარდათ ატიპური გამონაყარი, რომელიც სხვა დაავადებებს არ ჰგავს. ასეთ დროს აუცილებელია, რომ სამედიცინო დაწესებულებას მიმართონ და გაიარონ ექიმის კონსულტაცია. 

ამიტომ თეორიულად შემთხვევები ჩვენს ქვეყანაში შეიძლება დაფიქსირდეს, მაგრამ მას ეპიდემიური ხასიათი არ ექნება და მისი მართვა გარკვეულწილად შესაძლებელი იქნება. რაც შეეხება გადადების გზებს, გადადის ინფიცირებულ ცხოველთან ან ადამიანთან ახლო კონტაქტით ანუ თუ ჩვენ გვექნება კონტაქტი დაინფიცირებულ ადამიანთან მის დაზიანებულ ბუშტუკთან. მეორე - შეიძლება დაინფიცირება მოხდეს წვეთოვანი გზით ანუ როდესაც რესპირატორული გზით“, - დასძინა ალექსანდრე გოგინავამ. 

ამავე თემაზე:

🔴 „მაიმუნის ვირუსი“ კოვიდ 19-ისგან განსხვავებულია - ჯანდაცვის ექსპერტები

🔴 „მაიმუნის ჩუტყვავილა ჩვეულებრივ იწვევს ცხელებას, გამონაყარს და დაზიანებებს სახეზე ან სასქესო ორგანოებზე“ - ზაზა წერეთელი „მაიმუნის ვირუსზე“ საუბრობს

🔴 მაიმუნის ვირუსი არის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხაში საქართველოში და მსოფლიოში - გიორგი ფხაკაძე

🔴 რა ინფექციაა „მაიმუნის ვირუსი“ და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?