მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„1 თვე გახსნა ქვეყანა და შემდეგ გქონდეს სავალალო შედეგი, რომ დაიკეტოს და უამრავი ავადმყოფი გყავდეს, რა ეკონომიკურ მოგებაზე იქნება მერე საუბარი, ცოტა ძნელი სათქმელია“ - ზაზა წერეთელი

ზაზა წერეთელი
1626946684
COVID-19

„დაადგინეს, რომ მათ შორის, ვინც გადაიტანა კოვიდი, 70%-ზე მეტს რჩება რაღაც სიმპტომები, რომელიც მის შრომისუნარიანობას ცოტათი აქვეითებს,“ - აღნიშნულის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა განაცხადა.

მისი თქმით, ის ტემპი როგორითაც ქვეყანაში ვაქცინაცია მიმდინარეობს, არის ძალიან დაბალი თუ გავითვალისწინებთ იმას, რა სიტუაციაშია ქვეყანა და რომ გვაქვს დელტა შტამი, რომელიც ძალიან სწრაფად ვრცელდება.

ის აღნიშნავს, რომ დღეში 7 და 8 ათასი აცრის ჩატარება ძალიან რუტინულია.

„დღეს ამ ვაქცინაციის ტემპს არ შეიძლება ეწოდოს მასობრივი, როგორც ამას ვარაუდობდნენ. ამას სჭირდება სურვილის გაზრდა და ვაქცინების საკმარისი რაოდენობის არსებობა.

✔️ საინფორმაციო კამპანია არ ჩატარებულა და მოსახლეობასთან არ იყო შესაბამისი მუშაობა ჩატარებული ინფორმირებულობის კუთხით: არის თუ არა ვაქცინები საჭირო? როგორ მუშაობს ისინი, ძალიან ბევრი ადამიანი თავს იკავებს ვაქცინაციისგან და უამრავ არაზუსტ ინფორმაციას იღებს.

✔️ ქვეყანაში მაღალია ანტივაქსერული მოძრაობა, რომელიც აგრძელებს ისევ მუშაობას, მეორე მიზეზი ხალხის თავშეკავების არის ის, რომ ვაქცინების შემოტანაში გვქონდა წყვეტილობა, ხან შემოდიოდა, ხან არა, ბევრი ადამიანი ორჭოფობდა და შეიძლება ხელი ჩაიქნია.

✔️ მესამეა - როგორ ხდება აცრები რეგიონებში? მიეწოდა თუ არა მათ ინფორმაცია? არის სოფლები და დაბები, სადაც ელექტრონულად ისინი ვერ დარეგისტრირდებიან, სოფლის ექიმიც ან არის ან არა. ამიტომ აქ მთელი მწყობრი სისტემაა, რომელიც ალბათ გასამართია.

იმის გამო, რომ ქვეყანაში ასეთი ეპიდსიტუაციაა და ჩვენ გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას, ალბათ კარგია არსებული ვაქცინები გამოვიყენოთ. მოსახლეობას არ მიეწოდებოდა ინფორმაცია, თორემ ამჟამად საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ აიცრას და დაიცვას რეგულაციები“, - განაცხადა ზაზა წერეთელმა.

ის მიიჩნევს, რომ შეზღუდვების მოხსნა სახელმწიფოს მიერ წინასწარ გათვლილი გეგმის მიხედვით უნდა მომხდარიყო და და საქართველოს თავი უნდა შეეკავებინა იმ ქვეყნებიდან ტურისტების შემოსვლისაგან, სადაც დელტა შტამი დომინანტურად არის გავრცელებული.

„ჩემი აზრით, ჩამოწერლმა ჯარიმებმა დადებითად არ იმოქმედა. საქართველომ შეზღუდვები მოხსნა იმის გამო, რომ ტურისტული სეზონია, მაგრამ შეიძლებოდა ისე გაკეთება, როგორც სხვა ქვეყნები მოიქცნენ. მაგალითად იმ ქვეყნებიდან ტურისტები არ შემოეშვათ, სადაც ვიცით, რომ დელტა შტამის აფეთქებაა. მაგალითად რუსეთში ვიცით, რომ დელტა შტამია გავრცელებული.

ჩვენ სხვა რეალობაში ვცხოვრობთ ასეთი რამ გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო. 1 თვე გახსნა ქვეყანა და შემდეგ გქონდეს სავალალო შედეგი იმის, რომ დაიკეტოს და უამრავი ავადმყოფი გყავდეს, რა ეკონომიკურ მოგებაზე იქნება მერე საუბარი ცოტა ძნელია.

მოსახლეობამ უნდა დაინახოს, რომ ინფიცირების მატების მაჩვენებელი დიდი საშიშროებაა, პრობლემა არის კიდევ ის, რომ სახელმწიფომ უნდა ახსნას ასეთი რამ: პრობლემა არა მხოლოდ ინფიცირება, არამედ პოსტკოვიდური სიმპტომია. დაადგინეს, რომ მათ შორის, ვინც გადაიტანა კოვიდი, 70%-ზე მეტს რჩება რაღაც სიმპტომები, რომელიც მის შრომისუნარიანობას ცოტათი აქვეითებს.

ჩვენს ქვეყანაში პრობლემა შეიძლება იყოს არა მარტო ის, რომ გვყავს დაავადებული ადამიანები, არამედ შრომისუნარიანი ხალხის რაოდენობაც შემცირდება, მოსახლეობამ ეს უნდა გაითვალისწინოს. თუ გვინდა ეკონომიკურად ცუდ მდგომარეობაში არ ჩავვარდეთ, გვინდა შრომისუნარიანი მოსახლეობა.

იმისათვის, რომ იშრომოთ, უნდა იყოთ ჯანმრთელად, ჯანმრთელად რომ იყოთ - უნდა აიცრათ - აი, ამაზე უნდა იყოს საუბარი და ვაქცინების დიდი რაოდენობა უნდა გვქონდეს, ხოლო მოსახლეობას კი ნათლად უნდა ავუხსნათ ვაქცინაციის მთელი პროცესი.

ნომერ პირველი პრობლემა ქვეყნისთვის უნდა იყოს პანდემია, მთელ მსოფლიოში ასეა“, - განაცხადა ზაზა წერეთელმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 261 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 18 ადამიანი, ხოლო 1 410 პირი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 395 621-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5 636 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 369 483 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 6,17%, ბოლო 14 დღის - 5,25%, ბოლო 7 დღის - 5,78%.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ვაქცინების არჩევის დრო აღარ არის“ - ივანე ჩხაიძე

✅„საქართველო რეალურად არის მეოთხე ტალღის ფაზაში“ - ივანე ჩხაიძე

✅როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვს კორონავირუსის დამამძიმებელი სიმპტომი აქვს და აუცილებელია ექიმის მიმართვა?