მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში დაბრუნება - სააკაშვილის ფატალური შეცდომა - BBC

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას ანალიტიკოსები 54 წლის პოლიტიკოსის უდიდეს, შეიძლება ითქვას ფატალურ შეცდომას უწოდებენ. მან საქართველოს ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას სერიოზული დარტყმა მიაყენა და სააკაშვილისთვის პირად ტრაგედიად იქცა. ამაზე BBC სტატიას აქვეყნებს. 

სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ 2021 წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის საქართველოში წასვლიდან 8 წლის შემდეგ დაბრუნდა. ექსპრეზიდენტის დაკავების კადრები ყველა ტელევიზიამ აჩვენა.

დღეს, როდესაც დაკავებიდან 1 წელზე მეტი გავიდა, მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ პატიმრობაშია. ის ამჟამად კლინიკაში მკურნალობს, სადაც რამდენიმე თვის წინ გადაიყვანეს. სააკაშვილი პერიოდულად ავრცელებს სტატუსებს ფეისბუკში, რომელთა დიდი ნაწილი უკრაინას ეხება. ის უკვე აღარ გამოდის, როგორც ადრე, გრძელი სიტყვით სასამართლოებზე. პროცესები თბილისის საქალაქო სასამართლოში დღესაც გრძელდება, მაგრამ სააკაშვილი მათ ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ ესწრება. ახლობლები ამბობენ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღე უარესდება.

ერთადერთი გამოსავალი, ახლობლების აზრით, სამკურნალოდ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაა.

ცენტრ „ემპათიას“ დასკვნის მიხედვით, რომელმაც უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩაატარა, სააკაშვილს აღენიშნება მძიმე დიაგნოზი, რომლის გამო პატიმრობაში მისი ყოფნა დაუშვებელია. სააკაშვილის მომხრეები სამედიცინო დაწესებულებასთან აქციებს მართავენ.

„მისგან მხოლოდ 80 კგ დარჩა. ის ყავარჯნებით გადაადგილდება. სამ კოვზზე მეტს ვერ ჭამს. კრიტიკულ მდგომარეობაშია. დრო აღარ არის, მიხეილ სააკაშვილის წამმზომი ჩართულია“ - განაცხადა აქციაზე ექიმმა ლევან ფერაძემ. 

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი აუცილებელ სამედიცინო დახმარებას იღებს და შესაბამის კლინიკაში იმყოფება. როგორც „იმედის“ ეთერში იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, პაციენტის მდგომარეობაზე ექიმებმა უნდა ისაუბრონ, სააკაშვილი თერაპიის განყოფილებაში იმყოფება და არა რეანიმაციაში და ის ყოველდღე ვიზიტორებს ხვდება.

სააკაშვილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით არის გასამართლებული. ადრე წაყენებულ ბრალდებებს კიდევ ერთი - საზღვრის უკანონო კვეთა დაემატა.

„მოწამვლა“

თავად სააკაშვილი მისთვის წაყენებულ ბრალდებებს პოლიტიკურ დევნას უწოდებს. ის საკუთარ თავს „პუტინის პატიმარს“ უწოდებს. დაკავების შემდეგ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, რომელიც 50 დღეს გაგრძელდა. 2022 წლის თებერვალში სააკაშვილმა კვლავ გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც 20 დღის შემდეგ შეწყვიტა.

თავდაპირველად სააკაშვილი ქალაქ რუსთავის ციხეში მოათავსეს, შემდეგ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი გორის სამხედრო ჰოსპიტალში.

გასული წლის დეკემბერში ის კვლავ რუსთავის ციხეში დააბრუნეს, ხოლო მაისში კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.

სააკაშვილის ადვოკატების და ახლობლების ინფორმაციით, ის დღითიდღე სუსტდება, მარცხენა ხელი გათიშული აქვს და მაღალი ტემპერატურა აღენიშნება. ასევე სააკაშვილს გადაადგილება უჭირს. 

სააკაშვილის დედა გიული ალასანია ამბობს, რომ დაავადებებს ცოტა ხნის წინ ტუბერკულოზიც დაემატა, მაგრამ ექიმები მის მკურნალობას ვერ იწყებენ, რადგანაც ამან შეიძლება სხვა დაავადებები გაართულოს.

ახლა ადვოკატები „ვივამედის“ საბოლოო დასკვნას ელოდებიან, რათა შემდეგ სასამართლოს მიმართონ.

დიაგნოზების სიმძიმის მიხედვით ადვოკატებმა შესაძლოა, სააკაშვილის გათავისუფლება ან სასჯელის გადავადება მოითხოვონ.

ცენტრ „ემპათიაში“ აცხადებენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევა მათ უკვე დაასრულეს და რომ ექსპრეზიდენტს სასწრაფო დიაგნოსტიკა და მკურნალობა სჭირდება.

„დასკვნა 188 გვერდისგან შედგება. 60 გვერდი უცხოელი ექსპერტების დასკვნაა და 2900 გვერდი მტკიცებულებებს შეიცავს. დასკვნის ტექსტი გადაითარგმნება. შემდეგ კი იურისტებთან და უფლებადამცველებთან შეთანხმდება. აქ საუბარია არა მარტო ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, არამედ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზეც“, - განაცხადა ექიმმა ნევროლოგმა ოთარ თოიძემ.

მისი თქმით, საზღვარგარეთ სამკურნალოდ სააკაშვილის გაგზავნა თხოვნა არ არის, ეს სამედიცინო ეთიკის და მეცნიერების მოთხოვნაა. საქართველოში კი სრულფასოვანი მკურნალობის მიღება შეუძლებელია. თოიძე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ოთხსაფეხურიან კიბეზე სიარულს ადარებს, სადაც მეოთხე საფეხური - სიკვდილია.

დასკვნის ყველა დეტალი ჯერ არ გასაჯაროებულა, მაგრამ ახლობლები ამბობენ, რომ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალები აღმოაჩინეს, რაც ნიშნავს, რომ ის, შესაძლოა, მოწამლეს. გიული ალასანია ამბობს, რომ ტოქსიკოლოგიური ანალიზების შედეგად სააკაშვილის ორგანიზმში თალიუმი, ბარიუმი და ვერცხლისწყალი აღმოაჩინეს. უახლოეს დღეებში კი სააკაშვილის ნათესავები ამერიკელი სპეციალისტებისგან განმარტებებს ელიან.

სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა, ასევე, განაცხადა, რომ მას ექსპრეზიდენტის მოწამვლის ეჭვი გააჩნია.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ამაზე უპასუხეს, რომ სააკაშვილის მოწამვლის შესახებ ოფიციალური დადასტურება არ არსებობს. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ყველა კითხვის მოსახსნელად, სამინისტრო ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად ლევან სამხარაულის სახელობის ბიუროს მიმართავს.

მოგვიანებით სააკაშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ მას ადვოკატებისთვის არასოდეს უთქვამს, რომ მოწამვლის ეჭვი აქვს და ამ მხრივ სპეკულაციებს მიუღებლად მიიჩნევს.

„ჩემი მდგომარეობა მართლაც გაუარესდა, განსაკუთრებით ბოლო თვეებში. „ვივამედის“ექიმები ყველაფერს აკეთებენ. უნდა ვენდოთ სპეციალისტებს და ამ საკითხის ზედმეტი პოლიტიზება საჭირო არ არის“, - წერია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკ გვერდზე.

საქართველოში სააკაშვილის დაბრუნების და მისი დაკავების შემდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო, მაგრამ აქციის მონაწილეთა რაოდენობა მალევე შემცირდა, ხოლო შემდეგ აქციები საერთოდ შეწყდა.

ბოლო წლებში სააკაშვილი საქართველოს პოლიტიკაში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო. საქართველოში 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უდიდესი ოპოზიციური პარტია გახდა.

სააკაშვილი იწერდა ვიდეომიმართვებს, კომენტარს აკეთებდა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. ვინაიდან უკრაინის მოქალაქეობა აქვს, სააკაშვილი ძირითადად უკრაინაში იმყოფებოდა.

საქართველოში დაბრუნება სააკაშვილმა რამდენჯერმე დააანონსა. ამას საქართველოში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ზოგიერთ ადამიანს ეს გეგმები საქართველოში პოლიტიკური ცვლილებების იმედს უჩენდა, სხვები კი შიშობდნენ, რომ სააკაშვილი შეიძლება ხელისუფლებაში დაბრუნდეს ყველა აქედან გამომდინარე შედეგით. არც ერთი ეს მოლოდინი არ გამართლდა.

„სააკაშვილს ჰქონდა იმედი, რომ საქართველოში დაბრუნებით ის ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მობილიზებას შეძლებს და ეს სერიოზულ პროტესტებს გამოიწვევს. რასაც პოლიტიკური ცვლილებები მოჰყვება. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მას იმდენივე მომხრე ჰყავს, რაც სხვა ოპოზიციურ პარტიებს და ეს ადამიანები თვეობით მიტინგებზე დგომას ნამდვილად არ აპირებდნენ“, - ამბობს ექსპერტი გია ნოდია.

მიმდინარე წლის ივლისში სააკაშვილის ადვოკატებმა თქვეს, რომ ექსპრეზიდენტს პოლიტიკა აღარ აინტერესებს.

„ის ქართულ არხებს აღარ უყურებს და მთლიანად უკრაინულ არხებზე გადაერთო. ამბობს, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაცია მას არ აინტერესებს და ამაზე არავის ესაუბრება“, - განაცხადა სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა.

„მამაჩემმა მითხრა, რომ საქართველოში დაბრუნება შეცდომა იყო, ეს ბევრჯერ გაიმეორა. ახლა ის უკვე მიხვდა და ფიქრობს, რომ არ უნდა ჩამოსულიყო. ახლა მისი პრიორიტეტია ფიზიკური გადარჩენა და ჯანმრთელობის შენარჩუნება“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილის შვილი ედუარდი.

სააკაშვილის წასვლა პოლიტიკიდან

ექსპერტები ფიქრობდნენ, რომ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ სააკაშვილის განცხადების შემდეგ საქართველოში პოლიტიკური ლანდშაფტი შეიცვლებოდა. აქ საუბარია ორპოლუსიან პოლიტიკურ სისტემაზე, რომელიც ხელისუფლებას აწყობს. ისინი სააკაშვილისგან და მისი პარტიისგან მტრის ხატს ქმნიდნენ და მის დემონიზირების ტაქტიკას მიმართავდნენ.

მაგრამ მოსახლეობის მიერ აღქმის დონეზე არაფერი შეცვლილა.

„სააკაშვილი პოლიტიკიდან ვერ წავიდა“, - მიაჩნია პოლიტოლოგს გია ნოდიას.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებისთვის ეს პარტია კვლავ სააკაშვილის პარტიად დარჩა და პარტიის შიგნით ლიდერობისთვის დღეს გამართული ბრძოლა ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს. პარტიაში კონკურენციის ერთ-ერთი ძირითადი თემაა თუ ვინ არის უფრო მეტად სააკაშვილის ერთგული და იბრძვის მისი გათავისუფლებისთვის.

„სააკაშვილის მომხრეებმა პოლიტიკიდან მისი წასვლის შესახებ განცხადებას არ დაუჯერეს. მათ ჩათვალეს, რომ ეს დროებითი ტაქტიკური ღონისძიებაა, რომელიც მას გასათავისუფლებლად სჭირდება, ხოლო შემდეგ ის პოლიტიკაში ისევ დაბრუნდება. სუფთა აღქმის დონეზე სააკაშვილი კვლავ მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება და „ქართული ოცნებაც“ მას ასე აღიქვამს“, - ამბობს ნოდია.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ახლა შიდაპარტიული არჩევნებისთვის ემზადებიან, რომელთა ჩატარება პარტიის წევრთა ნაწილმა მოითხოვა. მედიაში აქტიურად განიხილავენ „ნაციონალების“ შიგნით არსებულ ინტრიგებს, დაპირისპირებას, კონფლიქტებსა და განხეთქილებას.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას მომხრეთა ნაწილი პარტიის შესუსტებაში და სააკაშვილის გასათავისუფლებლად არასათანადო ძალისხმევაში ადანაშაულებს.

„სააკაშვილის ირიბი გავლენა ქართულ პოლიტიკაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მეშვეობით შენარჩუნებულია“, - ამბობს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.

ამასთან, ხუხაშვილის  თქმით, ახლა „უნდა ვიფიქროთ და ვილოცოთ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე და არა სხვა რამეზე“.

ის ექსპრეზიდენტის საქართველოში დაბრუნებას საბედისწერო შეცდომას უწოდებს, რომელმაც მთლიანად ქვეყნის შიდაპოლიტიკურ ტენდენციებზე უარყოფითად იმოქმედა და სააკაშვილისთვის პირად ტრაგედიად იქცა.

ხუხაშვილის აზრით, ეს თავად ექსპრეზიდენტმა დიდი ხნის წინ გააცნობიერა, მაგრამ ხელისუფლება მისი გათავისუფლების საკმარის არგუმენტად ქართული პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებებს არ მიიჩნევს.

„ხელისუფლებამ უბრალოდ არ იცის სხვაგვარად მოქცევა. მათ სურთ, რომ დარჩნენ ნეგატიურ განზომილებაში - არ ამბობენ, რომ კარგები არიან, მაგრამ ამბობენ, რომ ალტერნატივა მათზე უარესია. სააკაშვილი ამ როლს კარგად შეეფერებოდა, თუმცა, ეს ფაქტორი წლების განმავლობაში შესუსტდა. გამორიცხული არ არის ის ფაქტი, რომ ხელისუფლება სააკაშვილს მართლაც გაათავისუფლებს, მაგრამ ამ ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, არ სურს მისი ასე უბრალოდ გაშვება და თუ გაათავისუფლებს, მაშინ კარგ ფასსაც მოითხოვს. რა იქნება ეს ფასი, ჯერჯერობით მხოლოდ მარჩიელობა შეიძლება“, - ამბობს ხუხაშვილი.

სააკაშვილის მომხრეების იმედები, რომ მას პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეიწყალებდა, არ გამართლდა. სალომე ზურაბიშვილმა უკვე განაცხადა, რომ ამას არასოდეს გააკეთებს. BBC-სთან ინტერვიუში მან განმარტა, რომ არ შეუძლია სააკაშვილის შეწყალება, მათ შორის კანონის საფუძველზე, რადგანაც სასამართლო პროცესი არ დასრულებულა. მაგრამ, ზურაბიშვილის თქმით, მან დაწვრილებით უკვე ახსნა, რატომ არ მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაშიც კი, თუნდაც ასეთი ნაბიჯის გადადგმა იურიდიულად შეეძლოს.

„საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს ოჯახი, რომელმაც არ განიცადა საკუთარ თავზე რას ნიშნავს ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში ცხოვრება. არ მსურს, რომ კიდევ უფრო დიდი პოლარიზაციის ინსტრუმენტი გავხდე. მაგრამ, ამავე დროს, მე ვარ სახელმწიფოს მეთაური და არ მინდა ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს ან მისი ჯანმრთელობა სერიოზულად დაზიანდეს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, იგი ყურადღებით ადევნებს თვალს ექიმების დასკვნებს და მიიჩნევს, რომ სააკაშვილს უნდა მიეცეს საშუალება, დამატებითი მკურნალობა გაიაროს საზღვარგარეთ, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს.

სააკაშვილის გათავისუფლების მოწოდებები სულ უფრო ხშირად ისმის საერთაშორისო პლატფორმებიდან და დასავლელი პოლიტიკოსებისგან. ზოგიერთი პოლიტოლოგის აზრით, დასავლეთის პოზიციამ შესაძლოა აიძულოს ხელისუფლება დათმობებზე წავიდეს, თუ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შიდა პოლიტიკური ინტერესები.

„ჯერჯერობით ჩანს, რომ საქმე პირიქითაა. მათთვის მთავარი საშინაო პოლიტიკური პრიორიტეტები და ძალაუფლების შენარჩუნებაა, ევროპასთან ურთიერთობა და კანდიდატის სტატუსი კი მეორეხარისხოვანი საკითხია“, - ამბობს გია ნოდია.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

🔴 როგორ აფასებთ საქართველოს პატრიარქის მიერ რუსეთის პატრიარქისთვის დაბადების დღის მილოცვას?

🔴 „არსებობს ე.წ. ევქარისტული კავშირი, ეკლესიებს შორის ურთიერთობა, რომლის გაწყვეტასაც სერიოზული არგუმენტები სჭირდება“ - მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის მიერ რუსეთის პატრიარქისთვის დაბადების დღის მილოცვაზე

🔴 „თაკო, გეყოფა, გრცხვენოდეს“ - ანზორ მელია თაკო ჩარკვიანს

🔴 „თუ არ მოხდა მისი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა, ექიმები დავიწყებთ შიმშილობას“ - ლევან ფერაძე სააკაშვილზე