მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინა ომის ზღვარზე - პროვოკაციები, რომლებიც არ წყდება და დაძაბულობა, რომელიც პიკს აღწევს

კახა გოგოლაშვილი მამუკა არეშიძე

პროვოკაციები, დეზინფორმაციები, ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით მინსკის შეთანხმების მრავალჯერ დარღვევა, გაკეთებული განცხადებების საპირისპირო ქმედებები, ეს იმ ყველაფრის მოკლე ჩამონათვალია, რასაც ბოლო კვირის განმავლობაში რუსეთის მხრიდან ვხედავთ. 

უკრაინაში დაძაბულობა პიკს აღწევს და დასავლეთი ომის შესაძლო დაწყებაზე საუბარს არ წყვეტს. ბოლო კვირაა ისმის განცხადებები რუსეთის უკრაინაში შეჭრის მაღალ ალბათობაზე, ომის შესაძლო შედეგებსა და ომის თავიდან ასარიდებელ შესაძლო გზებზე, თუმცა სიტუაცია ნელ-ნელა იძაბება.

ახლა მთავარი კითხვა არის ის, შეიჭრება თუ არა რუსეთი უკრაინაში და რამდენად შესაძლებელია ლოკალურმა კონფლიქტმა ფართომასშტაბიანი სახე მიიღოს. 

რუსეთი ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს, თუმცა რეალობა სხვაა. 

რამდენიმე დღის წინ:

❗ დონეცკის ოლქში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა 

სეპარატისტებმა ლუგანსკის მიმართულებით კვლავ ცეცხლი გახსნეს

პრორუსულმა ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში 27 დასახლებული პუნქტი დაბომბა

დონბასში ოკუპანტებმა ორი უკრაინელი ჯარისკაცი მოკლეს, ოთხი კი დაჭრეს

აშშ-ის საელჩო მოსკოვში ამერიკელებს მოუწოდებს მოსალოდნელი ტერაქტების საფრთხის გამო ქვეყანა დატოვონ

აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, რუსმა მეთაურებმა უკრაინაში შეჭრის ბრძანება მიიღეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აზოვის ზღვა დაკეტა

დონბასში რუსეთის საოკუპაციო ჯარები არტილერიას კორპუსებს შორის ათავსებენ

პუტინი და ლუკაშენკო სამხედრო წვრთნების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

ნატო კიევში ოფისს ხურავს და თანამშრომლები ლვოვში გადაჰყავს

მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, Pia.ge ესაუბრა სფეროს ექსპერტებს, რომლებმაც ფაქტებიდან გამომდინარე ომის დაწყების შესაძლებლობებზე ისაუბრეს, თუმცა პროგნოზები ომის დაწყებასთან დაკავშირებით სხვადასხვაა. 

რონდელი ფონდის უფროსი მრჩეველი, კახა გოგოლაშვილი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ამბობს, რომ რუსეთი შემუშავებული სქემების მიხედვით მოქმედებს და პროვოკაციები, რომლებსაც ვხედავთ რუსეთის ინტერესებს ემსახურება.

„რუსეთი თავის მიზანს თანმიმდევრულად, უხეშად და თავხედურად მისდევს“, - აცხადებს Pia.ge-სთან საუბარში გოგოლაშვილი. 

„რუსეთმა ვერ მოძებნა რეალური საბაბი და დამუშავებული აქვს სქემები, იყენებს ამ დამუშავებულ სქემებს რომლებიც ამერიკელებმა წინასწარ გაიგეს და პრაქტიკულად ამის შესახებ გააკეთეს განცხადება, რომ რუსეთი გააკეთებდა იმას, რასაც ახლა დონეცკსა და ლუგანსკში აკეთებს. რუსეთი ამზადებს საბაბს, რომ ამ ტერიტორიებზე შეიჭრას და შესაძლებელია, რომ ცოტა მეტიც დაიკავოს ვიდრე სეპარატისტებს აქვთ დაკავებული.

არავინ არ ტყუვდება ასე მარტივად, ყველამ იცის რომ ეს რუსული პროვოკაციებია, მაგრამ როგორც ჩანს რუსეთმა იმ ნიშნულს მიაღწია, რომ არ ადარდებს და არ აინტერესებს საერთაშორისო თანამეგობრობის დამოკიდებულება.

რუსეთს უკვე სახელი გაუფუჭდა, ყველამ გაშიფრა, ყველასთვის ყველაფერი ცნობილია და ამიტომ მოქმედებს ის ასე აბსოლუტურად უაპელაციოდ და თავხედურად.

ძალიან დიდი რისკია, რომ ამ კონფლიქტმა მასშტაბური სახე მიიღოს და მხოლოდ ლოკალურად არ დარჩეს, გამომდინარე იქიდან, რომ რუსებს ძალიან დიდი  რაოდენობის სამხედროები ჰყავთ, შავ ზღვაშიც ატარებს მანევრებს, ისვრის რაკეტებს და მზად ჰყავს სადესანტო გემები, იმ შემთხვევაში, თუ ის წარმატებას დონეცკში  ლოკალურ დაპირისპირებაში ვერ მიაღწევს, იმიტომ რომ უკრაინელები აუცილებლად გაუწევენ წინააღმდეგობას თუ ის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას გადააბიჯებს. ამ შემთხვევაში, როდესაც რუსეთი ნახავს, რომ წარმატებას ვერ აღწევს, ის გაზრდის მასშტაბებს, თავისივე სამხედრო აგრესიით, შეუტევს ზღვიდან, შეიძლება შეუტიოს ჩრდილოეთს, იმიტომ, რომ მას სჭირდება გაჩერება იქ, სადაც ჩაითვლება, რომ მან წარმატებას მიაღწია, თუმცა ყველა მხრიდან მას დიდი წინააღმდეგობა დახვდება, რაც ზრდის რისკს, რომ ის მასშტაბურ დაბომბვების, ინფრასტრუქტურის განადგურების და სხვა ხერხებს მიმართავს“, - აღნიშნა გოგოლაშვილმა.

როგორც უკვე აღვნიშნე, ამ საკითხთან დაკავშირებით, სფეროს ექსპერტებშიც აზრთა სხვადასხვაობაა. 

პოლიტოლოგ მამუკა არეშიძის განცხადებით, მიუხედავად რაღაც განსხვავებებისა, უკრაინაში მიმდინარე სიტუაცია 2008 წელს საქართველოში მიმდინარე სიტუაციის იდენტურია.

„მცირე განსხვავებით ყველაფერი მეორდება ისე, როგორც ეს მოხდა საქართველოში 2008 წელს,“ - განაცხადა მამუკა არეშიძემ Pia.ge-სთან საუბრისას. 

„მცირე განსხვავებით, ყველაფერი მეორდება ისე, როგორც ეს მოხდა საქართველოში 2008 წელს, წვრთნების ფორმატი, როგორც მაშინ იყო კავკასია 2008, მათივე ჯარების გაყვანისა, როგორც მაშინ იყო, რომ გაიყვანეს, დააბრუნეს და მერე ისევ უკან შემოიყვანეს, ყველაფერი ეს იგივეა. ვთქვათ, მედიასაშუალებებში სხვა ტიპის ინფორმაციების გავრცელება და სინამდვილეში სულ სხვა სურათი, სეპარატისტების მხრიდან ქართული პოზიციების დაბომბვა მაშინ და ახლა უკრაინული პოზიციების დაბომბვა, ყველაფერი ერთნაირია აბსოლუტურად. განსხვავება ის არის, რომ საქართველოს მაშინ იმ ტიპის მხარდაჭერა არ ჰქონდა, რაც ახლა უკრაინას აქვს, თუნდაც მხოლოდ სიტყვიერი.

ძალიან მნიშვნელოვანია დაუშვებს თუ არა იგივე შეცდომას დღეს უკრაინის ხელისუფლება, რაც 2008 წელს საქართველოს ხელისუფლებამ დაუშვა.

ნებისმიერ შემთხვევაში რუსეთი ფართომასშტაბიანი კონფლიქტის შემთხვევაში დაზარალდება, რადგან მათი ეკონომიკა არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ფართომასშტაბიან სამხედრო კონფლიქტს გაუძლოს და პლუს ამას სანქციები, რომლებიც რუსეთს ომის დაწყების შემთხვევაში დაეკისრება, შეიძლება არ ისმოდეს ისე დამაზიანებლად, როგორიც სინამდვილეში იქნება“, - განაცხადა არეშიძემ.

პოლიტიკურად მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. მან განაცხადა, რომ 2022 წლის ზაფხულში ნატო-ს მადრიდის სამიტზე ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პასუხი უნდა მიიღოს.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა ევროპისგან იმსახურებს პირდაპირ და გულწრფელ პასუხს. ზელენსკის თქმით, იგივე ეხება ნატო-ს.

„ისინი გვეუბნებიან, „კარები ღიაა“, მაგრამ ამ დროისთვის უცხო პირებს არ უშვებენ. თუ ალიანსის ყველა წევრს არ სურს ჩვენი ნახვა, ან ალიანსის ზოგიერთ წევრს არ სურს ჩვენი ნახვა, გვითხარით გულწრფელად. ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ღია პასუხები და არა წლების ღია კითხვები. ამისთვის საუკეთესო დროა უახლოეს მომავალში, შემდეგი სამიტი მადრიდში“, - განაცხადა მან. 

მისი თქმით დროებით ოკუპირებულ ტერიტორიის გამყოფი ხაზი ომსა და მშვიდობას ყოფს.

ზელენსკის მესიჯბოქსებთან დაკავშირებითაც აზრთასხვადასხვაობაა ექსპერტებში. ნაწილი ამბობს, რომ ეს განცხადება საჭირო, მაგრამ ნაკლებად დიპლომატიური იყო, ხოლო მეორენი ამბობენ, რომ ამ განცხადებას საჭირო და სწორი აქცენტები ჰქონდა. 

„უკრაინის პრეზიდენტის გამოსვლა, ალბათ არც თუ ისე დიპლომატიური იყო, მაგრამ ძალიან გულახდილი და პირდაპირი. მისი ძირითადი პრეტენზიები ამ შემთხვევაში იყო დასავლეთთან ის, რომ უკრაინას არ იღებენ ნატოში და არ არის პროგრესი ამ მიმართულებით და ის, რომ სწორედ ეს გახდა რუსეთის გამბედაობის მიზეზი.

მეორე, მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ის დახმარება რომელსაც ახლა დასავლეთი უკრაინას უწევს, არ არის დახმარება მხოლოდ უკრაინისთვის, რადგან როგორც მან აღნიშნა, უკრაინა უკვე რვა წელია ევროპის უსაფრთხოებას იცავს და უკრაინაზე გადის ევროპის დაცვის ზოლი, რომელსაც უტევს რუსეთი და რომელსაც ეწირება უკრაინელი ხალხი.

ასევე, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპაში ყველა ქვეყანა საკმარისად სოლიდარული და მხარდამჭერი უკრაინისადმი, მან არ დაასახელა ეს ქვეყნები, მაგრამ გასაგებია მაინც ვის გულისხმობდა. ეს მესიჯები, კიდევ ვიტყვი, რომ ნაკლებად დიპლომატიური, თუმცა ალბათ საჭირო იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, რაც ამ გამოსვლით გამოჩნდა, უკრაინელი ხალხის მზადყოფნაა“, - განაცხადა Pia.ge-სთან საუბარში რონდელი ფონდის უფროსი მრჩეველმა კახა გოგოლაშვილმა. 

პოლიტოლოგ მამუკა არეშიძის თქმით, ზელენსკის განცხადებები საკმაოდ სწორი აქცენტებით გამოირჩეოდა და აუცილებელია უკრაინამ და საქართველომ მიიღონ საბოლოო პასუხი ნატო-ში გაწევრიანებაზე. 

„ძალიან სწორი აქცენტები გააკეთა ზელენსკიმ, ზუსტად იმას გაუსვა ხაზი, რომ თუ გვერდში დგომაა, გვერდში დგომა უნდა იყოს და ეს მხოლოდ სიტყვიერი მხარდაჭერით არ უნდა ხდებოდეს. ზელენსკის განცხადების პათოსი იყო ის, რომ განცხადებები, რომლებიც კეთდება უნდა შესრულდეს“, - აღნიშნა არეშიძემ. 

ამავე თემაზე წაიკითხეთ: 

📎 მეგალომანი - რომელსაც სულ უფრო ცოტა დრო რჩება...

📎 აქვს თუ არა ვლადიმერ პუტინს გეგმა B და რა მოხდება თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება?

📎 „ისინი გვეუბნებიან, „კარები ღიაა“, მაგრამ ამ დროისთვის უცხო პირებს არ უშვებენ“ - ზელენსკი ნატო-ში გაწევრიანებაზე

📎 „უკრაინელები კუბოში არ ჩაწვებიან და არ დაელოდებიან რუს სამხედროებს“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

📎 „ჩვენ მხარს ვუჭერთ სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის მოწვევას“ - ვოლოდიმირ ზელენსკი