მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომიკრონით“ გამოწვეული ტალღის ხანგრძლივობა 2-3 კვირას არ აღემატება“ - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
1641285401
COVID-19

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, კორონავირუსის ახალ ვარიანტზე „ომიკრონის“ შესახებ ისაუბრა. 

ივანე ჩხაიძის თქმით, „ომიკრონის“ შტამის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალება არის ვაქცინის ბუსტერ დოზა.

ამასთან ჩხაიძე ამბობს, რომ არსებული მონაცემები პანდემიის ისტორიაში ხანგრძლივი ტალღის დასასრულზე მიუთითებს.

„ბოლო რამდენიმე კვირა მდგომარეობა უმჯობესდება. 2 თვეზე მეტია ასეთი დაბალი მაჩვენებელი არ ყოფილა. საბოლოო ჯამში, კორონავირუსის მეხუთე ტალღამ თავისი პიკი გადაიარა. ახალ ვართ მე-5 ტალღის  ჩამთავრების სტადიაში და ყველა ეს მონაცემი მიუთითებს პანდემიის ისტორიაში ხანგრძლივი ტალღის დასასრულზე. 

„ომიკრონის“  წინააღმდეგ არსებობს ერთადერთი შესაძლებლობა და ეს არის ვაქცინის  ბუსტერ დოზა. ბუსტერ დოზით, ადამიანი თავს იცავს ინფიცირებისგან, მძიმე მიმდინარეობისგან, ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობისგან. დღეისთვის  ჯანმრთელობის მსოფლიო  ორგანიზაცია ბუსტერ დოზას განიხილავს ერთადერთ რეალურ  შესაძლებლობად თავის დასაცავად „ომიკრონისგან“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ. 

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა საფრანგეთში აღმოჩენილ ახალ ვარიანტზეც ისაუბრა, რომელიც ამ ეტაპზე B.1.640.2 სახელით არის ცნობილი.

„ახალი შტამი არ არის ფრანგული, ეს არის კამერუნი. 46 მუტაციაა ჯამში და აქედან 6 არის წვეტის ცილის რეგიონში. ეს არის ის რეგიონი, რომელიც პასუხისმგებელია ვირუსის უჯრედის შეჭრაზე. განიხილავს თუ არა მომავალში ჯანმო ამ მუტაციას შეშფოთების კატეგორიად, თუ დარჩება ინტერესის მუტაციების კატეგორიაში არ გვაქვს ინფორმაცია.

ყველაზე მთავარია მუტაციის შეფასება. ამ მუტაციას შეიძლება ვირუსოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი და კლინიკური გამორჩეული თავისებურება არ ჰქონდეს. მნიშვნელოვანია „ომიკრონის“ მსგავსად შეაფასებს თუ არა ჯანმო მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ამ მუტაციას შეშფოთების მუტაციად, ანუ მუტაცია, რომელიც სწრაფად და იოლად გადამდებია, რომელიც უფრო მძიმე დაავადებას იწვევს და მის მიმართ ვაქცინები არაეფექტიანია. ინტერესის მუტაციები ბევრია. 

არის თუ არა „ომიკრონი“ პანდემიის დასასრულის დასაწყისი - სწორედ ნაწილობრივად ამით არის პასუხგაცემული. გამოჩნდა უკვე ახალი მუტაცია „ომიკრონის“ ფონზე. შესაძლოა, ეს მუტაცია იყოს უფრო ძლიერი ვიდრე დელტა, თუმცა მას სჭირდება შეფასება. საუბარი იმაზე, რომ „ომიკრონმა“ დაასრულა პანდემია, რა თქმა უნდა, ძალიან ადრეა.

საფრანგეთის ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ კორონავირუსის უნარი, განიცადოს მუტაცია, არის უპრეცედენტო. დღემდე არსებულ ვირუსს, არცერთს ჰქონია მსგავსი რაოდენობის მუტაცია. ნებისმიერი ტიპის მუტაციის შეფასებისას  ჯანმო იყენებს 2 ტიპის კლასიფიკაციას. პირველი, ეს არის ინტერესის მუტაცია - ეს არის ის მუტაცია, რომელსაც არ შეუძლია იყოს უფრო მეტად გადამდები, მძიმე და მასზე ვაქცინები მოქმედებენ კარგად და მეორე, ყველაზე საშიში და სახიფათო. ამ მუტაციაში 5 ტიპის ვარიანტია შესული: ალფა, ბეტა, გამა, დელტა და „ომიკრონი“. ეს მუტაციები განსხვავდებიან სხვა მუტაციებისგან 3 ძირითადი მახასიათებლით:

⚫ სისწრაფით და იოლად გადამდებლობით

⚫ იწვევს საშიშ და მძიმე დაავადებებს 

⚫ვაქცინის ეფექტიანობა არის ნაკლები“, - აცხადებს იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი.

ივანე ჩხაიძემ პრესკონფერენციაზე ვაქცინების შეფასების 2 კრიტერიუმზე ისაუბრა და, ასევე, აღნიშნა რომ „ომიკრონით“ გამოწვეული ტალღის ხანგრძლივობა 2-3 კვირას გრძელდება. 

„ვაქცინების ეფექტიანობის შეფასების  2 ძირითადი კრიტერიუმი არსებობს: გვიცავს თუ არა ვაქცინა ინფიცირებისგან და გვიცავს თუ არა ვაქცინა მძიმე შემთხვევებისგან? - „ომიკრონთან“ დაკავშირებით შესაძლებელია დარწმუნებით  ითქვას, „ომიკრონი“ ვერ გვიცავს ინფიცირებისგან, ორჯერადი „ფაიზერის“ დოზის გაკეთების შემდეგ, „ფაიზერის“ ინფიცირებისგან დაცვის მაჩვენებელი 33%-ია. თუმცა „ფაიზერის“ ვაქცინის 2 დოზა აგრძელებს ვაქცინირებული ადამიანების დაცვას მძიმე შემთხვევების განვითარებისაგან. ინფიცირებისგან ვერ გვიცავს არც „ფაიზერი“ და არც სხვა ვაქცინა, პირიქით ეს 33% „ფაიზერის“ არის დღემდე არსებულ ვაქცინებს შორის ყველაზე მაღალი პროცენტი, სხვა ვაქცინებს ეს მაჩვენებელიც არ აქვს. 

„ომიკრონის“ შემთხვევების მატება პიკს აღწევს ძალიან სწრაფად, მაგრამ, ასევე, ძალიან სწრაფად მცირდება ინფიცირების მაჩვენებელი. ნაცვლად იმისა რომ თვეების განმავლობაში გავრცელდეს პიკი, „ომიკრონით“ გამოწვეული ტალღის ხანგრძლივობა 2-3 კვირას არ აღემატება“, - დასძენს ივანე ჩხაიძე. 

საქართველოში „ომიკრონის“ შტამის ორი შემთხვევა დადასტურდა.

ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. მას შემდეგ ის დაახლოებით 12 ქვეყანაში დაფიქსირდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

 „კორონავირუსმა ჩაკეტა საზღვრები, გაყო ოჯახები, თუმცა თუ დავასრულებთ უთანასწორობას, დავასრულებთ პანდემიას“ - ტედროს ადანომ გებრეისუსი

⚫ „მომდევნო თვეში ვირუსული ქარიშხალი იქნება“ - ექსპერტები

⚫ „პანდემიას ვერ გავუმკლავდით“ - თენგიზ ცერცვაძე

⚫ „პროგნოზები დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს“ - პაატა იმნაძე

 „ინფიცირების ზრდის ყველაზე მაღალი რისკი ახლა გვაქვს“ - ივანე ჩხაიძე